სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, იოსებ გოგაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტებზე ბრალდება უკვე წარუდგინა.
უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ გოგაშვილს 2015-2018 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის დროს, სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე, ხელი მიუწვდებოდა, როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, ასევე პირად და პერსონალურ მონაცემებზე.
„იოსებ გოგაშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ზემოაღნიშნული მონაცემები პირადი მიზნებისთვის გაიტანა სამსახურიდან და ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში, რომელთაგან ნაწილი ინფორმაცია იოსებ გოგაშვილის მონაწილეობით გავრცელდა საჯაროდ, რამაც მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების დარღვევა და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გარდა ამისა, შეიქმნა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების საფრთხე.
ჩატარებული გამოძიების შედეგად აგრეთვე დადგინდა, რომ იოსებ გოგაშვილმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ხუთი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, საიდანაც ორი იარაღი იყო გაუფორმებელი, ხოლო სამი გაფორმებული ახლო ნათესავის სახელზე, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. აქვე აღვნიშნავთ, რომ იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი სახლიდან, სასამართლოს განჩინებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული გრიფირებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაცია, პირადი და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია, ათეულობით ტექნიკური მოწყობილობა და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
გოგაშვილის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, დოკუმენტები, რომლის გამოქვეყნებასაც გოგაშვილი რამდენიმე დღეში აპირებდა, საზღვარგარეთ, „საიმედო ხელშია“.
ჩინჩალაძის თქმით, აღნიშნული დოკუმენტები ყოფილი მაღალჩინოსნის განმარტებით, არჩევნების გაყალბებას ეხება.
მისი დაკავება ბოლო პერიოდში მის მიერ წამოწყებულ საქმიანობას უკავშირდება, ეს საქმიანობა ეხება არჩევნების გაყალბების საკითხებს, როგორც ის აცხადებს, ამ თემაზე და კონკრეტულ სქემებზე, კონკრეტული, შემაჯამებელი დოკუმენტი და სქემები აქვს, თუ კონკრეტულად რა და როგორ ხორციელდებოდა არჩევნების პროცესში. ის აღნიშნული დოკუმენტის საჯაროდ გამოტანას რამდენიმე დღის განმავლობაში აპირებდა და როგორც თავად აცხადებს, ეს დოკუმენტი, დღის სინათლეს რამდენიმე დღეში მაინც იხილავს. სწორედ ამის გამო, იმ პოსტის გამო, რომელიც მის მიერ გამოქვეყნდა, დაახლოებით, ორი დღის წინ, ამ ყველაფრის პრევენციისათვის მოხდა მისი დაკავება. თუმცა, როგორც გითხარით, ის აპირებს სიმართლისთვის იბრძოლოს“, – აცხადებს ჩინჩალაძე.
როგორ გაგრძელდება საქმე სუს-ის ყოფილი უფროსის დაკავების შემდეგ, ანალიტიკოს გია აბაშიძეს თქმა უჭირს. აბაშიძე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გოგაშვილი, როგორც უშიშროების ყოფილ მაღალჩინოსანს, გაუთქმელობაზე უნდა ჰქონოდა ხელი მოწერილი.
„სოსო გოგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია იმდენად მწირია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება. რაც შეეხება მისი დაკავებას, ამას თითქმის ყველა პოლიტიკური გემოვნების ადამიანი მიესალმა, განსაკუთრებით კი, „ქართული ოცნებაში“, სადაც ამობენ, რომ დაგვიანებულიც კი იყო. რატომ იყო დაგვიანებული? ვხედავდით, რომ გოგაშვილი, როგორც ყოფილი მაღალჩინოსანი აბსოლუტურად შეუფერებლად იქცეოდა. იმდენად შუფერებლად, რომ „ტვ პირველის“ „ექსპეტ-ინფორმატორი“ გახდა. საერთოდ, ცივილიზებულ ქვეყნებში უშიშროების ყოფილ მაღალჩინოსნებს გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში 1911 წელს მიიღეს გაუთქმებლობის კანონი და ამ კანონს საფუძველზე არაერთი ყოფილი მაღალი რანგის ოფიცერი იქნა დაკავებული. გოგაშვილთან მიმართებაშიც მსგავსი შემთხვევაა. სად იყო ტყუილი, სად იყო მართალი, ვერ გავარჩევდით, რადგან სააკაშვილის კონტროლირებად ტელევიზიებში ინფორმაციები დაჰქონდა“, – აღნიშნა გია აბაშიძემ.
ანალიტიკოსს ასევე კითხვა უჩნდება, საიდან დააგროვა გოგაშვილმა საკმაოდ დიდი ქონება? უკავშირდება თუ არა სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის გამდიდრება, მისი თანამდებობის დროს ცნობილ სპეოპერაციას, როგორიც იყო თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია?
„გამორიცხული არაფერია, რადგან გოგაშვილის სიმდიდრესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. მაშინ, როდესაც 2012 წლადე ის ოფიციალურად სოციალურად დაუცველად ითვლებოდა, უცბათ ის უმდიდრეს ადამიანად მოგვევლინა. ესეც ძალიან ბევრ შეკითხვებს აჩენს. არ ვიცით, მან ცნობილი დაკავებებიდან იშოვა ფული, თუ სხვა ბიზნესები ჰქონდა, ფაქტია, მას დიდძალი ქონება აქვს“.
ვითარების განვითარებაზე საუბარი უჭირს ასევე ანალიტიკოს ლადო ბოჟაძეს.
„სოსო გოგაშვილის დაკავება რის საფუძველზე მოხდა, არ ვიცი. დაკავების დროსაც გოგაშვილი ღირსეულად არ მოქცეულა და არ ჩაბარებულა. რაც შეეხება, მოვლენები როგორ განვითარდება, ამის პროგნოზირება ახლა ნამდვილად რთულია. დაველოდოთ, საგამოძიებო უწყება რა გადაწყვეტილებას მიიღებს“, – გაუცხადა ბოჟაძემ for.ge-ს.
ანალიტიკოსი გოგაშვილს მის მიერ თანამდებობაზე ყოფნის დროს გახმაურებულ საქმეებს უხსენებს და აცხადებს, რომ მის მიმართ ბუმერანგი დატრიალდა.
„დეკანოზ მამალაძის დაკავებასთან სოსო გოგაშვილის ჩართულობა როგორი იყო, არ ვიცი. რაც შეეხება, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს, ცნობილია, რომ ოჯახს მისი პირადი ნივთები და თანხა დაუბრუნდა, რომელიც საგამოძიებო საქმის დროს ამოღებული იქნა. ოჯახმა დაასახელა რამდენიმე ადამიანის გვარი, ვისაც უშუალოდ ბრალს სდებდა და მათ შორის მთავარი გოგაშვილია. ბუმერანგი ტრიალებს და ეს სოსო გოგაშვილის მაგალითზეც დადასტურდა. მნიშვნელობა არ აქვს რომელი მაღალჩინოსანი იქნება, ვისაც კანონდარღვევასთან საქმე აქვს, პასუხს აგებს. „ქართული ოცნება“ არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ვინმეს ხელს აფარებდეს, თუნდაც ეს ყოფილი თანაგუნდელი იყოს“, – აღნიშნა ბოჟაძემ.
https://for.ge/