დღეს ჩეხეთს მართავს პოლიტიკური ძალა, რომლის ლიდერი – ანდრეი ბაბიში ატარებს სუვერენიტეტის განმტკიცების პოლიტიკას. ისინი ბრიუსელს ეწინააღმდეგებიან ყველაფერ იმაში, რაც არ არის ჩეხეთისთვის მომგებიანი და რითაც შეიძლება, ჩეხეთის ინტერესები ილახებოდეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.
სუბარის თქმით, სწორედ ასეთი ევროკავშირისკენ მიისწრაფვის საქართველო და ასეთი მიზნით შეიქმნა ევროკავშირი.
„ჩეხეთი ის ქვეყანაა, სადაც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი პოზიციების გაცვლა. კარგად როცა დაინახავენ ჩვენს დამოკიდებულებას ბრიუსელის მიმართ, დარწმუნებული ვარ, ჩეხეთის მხარდაჭერა უფრო ძლიერი იქნება. რამდენიმე დღის წინ კაია კალასმა თქვა, რომ საქართველოს მიმართ უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარება უნდათ, მაგრამ ამას ევროკავშირში ეწინააღმდეგებიან. დიახ, ეს მოწინააღმდეგეები საქართველოს მეგობრები არიან და ერთ-ერთ ასეთ მეგობრად ჩეხეთი მიგვაჩნია. მათი პოლიტიკა ზუსტად იმ პოლიტიკასთან არის დაკავშირებული, რის გატარებასაც ჩვენ ვცდილობთ და რომელსაც ვატარებთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სუბარი ამბობს, რომ ევროპულ ქვეყნებს შორის ჩეხეთი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოში, ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, მათ შორის ენერგეტიკაში.
„ძალიან დიდია ვაჭრობაც. ოღონდ ვაჭრობის მოცულობაში ცოტა დაჩაგრული ვართ, რადგან ჩეხეთი დაახლოებით 120 მილიონი დოლარის ექსპორტს ახორციელებს. ჩვენი ექსპორტი ჩეხეთში მხოლოდ 10-12 მილიონის ფარგლებშია, ანუ, ბევრად ნაკლები. ამიტომ ამ მხრივ გარკვეული დისბალანსი არსებობს, რისი შეცვლაც შესაძლებელია. ცხადია, ჩვენ არ გვაქვს ისეთი განვითარებული ეკონომიკა, როგორიც ჩეხეთს, თუმცა გვაქვს დარგები, რომლითაც შეგვიძლია, ჩვენი ექსპორტი გავზარდოთ. ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის ჩეხეთისთვის, საქართველო საინტერესოა, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი. ჩეხეთი საზღვაო ქვეყანა არ არის, თუმცა მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა ვაჭრობის თვალსაზრისით, რადგან ცენტრალურ ევროპაში უკავია სტრატეგიული ადგილი. სატრანზიტო ტვირთების გატარებისთვის საქართველოსა და ჩეხეთის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ამ მხრივ ურთიერთობების გაღრმავების სერიოზული პოტენციალი არსებობს. ევროკავშირში ჩეხეთის მთავრობის, ბაბიშის მთავრობის პოლიტიკა და ევროკავშირის ზოგიერთი მაღალჩინოსნის და ჩინოვნიკის პოლიტიკა აბსოლუტურად განსხვავებულია. ზოგიერთი ევროჩინოვნიკი როცა ლაპარაკობს კავკასიის, როგორც სატრანზიტო როლზე, ისე იქცევიან, თითქოს საქართველო არ არსებობს. არადა, საქართველოს გვერდის ავლა ძალიან ძნელია. ნორმალურად და საღად მოაზროვნე პოლიტიკოსები ამ როლს კარგად ხედავენ. ზოგადად, დღეს ძალიან იმატებს აზიის როლი ვაჭრობაში. აქ იგულისხმება არა მხოლოდ ჩინური ტვირთები, იგულისხმება ცენტრალური აზია თავისი უზარმაზარი სიმდიდრეებით და ამ მხრივ საქართველო ერთ-ერთი მთავარი დამაკავშირებელია. ამ მხრივ, დარწმუნებული ვარ, გაიზრდება მომავალში აზიის როლიც, მათ შორის ინდური ტვირთებისთვისაც შეიძლება სწორედ სახმელეთო გზა იყოს ერთ-ერთი ალტერნატივა საზღვაო დერეფნების.
ჩეხეთი საინტერესოა არა მხოლოდ როგორც თვითონ ქვეყანა, სადაც საქონელი მივა აღმოსავლეთიდან, არამედ ჩეხეთის სატრანზიტო ფუნქციაც დიდია, ჩეხეთზე გადის ბევრი სახმელეთო გზა, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ნაწილდება. ამ მხრივ პირველ ვიცე-პრემიერთან, ჩეხეთის ვაჭრობისა და ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრა მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, პრაღაში ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის, ტომიო ოკამურას ოფიციალური მიწვევით გაემგზავრა.
