საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, საზოგადოებაში ეჭვს იწვევს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ დააგროვა სოსო გოგაშვილმა საკმაოდ დიდი მატერიალური ქონება მაღალ თანამდებობაზე მუშაობის მოკლე დროში.
„იკვეთება დამატებითი ინფორმაცია, რომელსაც გადამოწმება, შესწავლა და გამოძიება სჭირდება. საზოგადოების თვალში ეს ინფორმაცია ეჭვს იწვევს, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ადამიანს, მისი ხელფასის გათვალისწინებით, მაღალ თანამდებობაზე ყოფნის ამ მოკლე პერიოდში საკმაოდ დიდი მატერიალური ქონება დაუგროვდა. ამიტომ არსებობს ბევრი კითხვა“, – აცხადებს მიქანაძე.
18 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გოგაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
გოგაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
სუს-ის ინფორმაციით, გოგაშვილის საქმეზე, მისი პირადი და ოჯახის წევრების კუთვნილი 8 სახლი და 4 მანქანა გაჩხრიკეს – ამოღებულია იარაღი, ტექნიკა და სახელმწიფო საიდუმლოებისა და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო სხდომა დახურულად წარიმართება.