უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკი “აზოვი” აცხადებს, რომ ნატალია ვოვკს, რომელსაც რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური დარია დუგინაზე მოწყობილ სასიკვდილო თავდასხმაში ადანაშაულებს, არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინის ქვედანაყოფთან.
“ქალს, რომლის სახელი და სამხედრო მოწმობაც ეფ-ეს-ბემ რუსი პროპაგანდისტი დუგინის ქალიშვილის მკვლელობასთან დაკავშირებულ ანგარიშში გამოაქვეყნა, არავითარი კავშირი არ აქვს პოლკ “აზოვთან” და არასოდეს არ ეკუთვნოდა ჩვენ ქვედანაყოფს”, – ნათქვამია პოლკ “აზოვის” მიერ 22 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) პრესცენტრის თანახმად, უწყებამ ოპერატიულად გახსნა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას დაღუპვის საქმე. სააგენტო “ტასსი” რუსეთის ФСБ-სგან მიღებული ინფორმაციის თანახმად წერს, რომ “უკრაინული სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული მკვლელობის შემსრულებელი უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკია, რომელიც ესტონეთში მიიმალა”.
უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, ვოვკი რუსეთში 2022 წლის 23 ივლისს ჩავიდა ქალიშვილთან ერთად. მკვლელობის დღეს ისინი იმავე ლიტერატურულ-მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, რომელსაც დუგინა საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა.
„მართვადი აფეთქების განხორციელების“ შემდეგ ვოვკი ქალიშვილთან ერთად ფსკოვის ოლქიდან ესტონეთში გადავიდა, ციტირებს “ტასსი” რუსეთის უშიშროების სამსახურს.
კრემლთან დაკავშირებული ცნობილი ნაციონალისტი იდეოლოგის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი დაიღუპა 20 აგვისტოს მოსკოვის გარეუბანში მანქანის აფეთქებისას, რომელსაც ის მართავდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მანქანაში, რომელსაც 30 წლის დარია დუგინა მართავდა, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩადებული.
დუგინა იყო „საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის“ პოლიტიკური კომენტატორი.
