„ისფედთან“ დაკავშირებით, საელჩოს განცხადება, როგორც თავადვე უყვართ თქმა, ჩვენთვის შოკისმომგვრელია. „ისფედი“ აქტიურად იყო ჩართული „პივიტის“ გაყალბებაში, რაც უმძიმესი ფაქტი იყო“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას „სამართლიან არჩევნებთან“ (ISFED) დაკავშირებით.
როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ისფედის“ ყალბი მონაცემები რადიკალური ოპოზიციისთვის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი გახდა.
„თქვენ გახსოვთ, რა როლი შეასრულა „პივიტის“ გაყალბებამ იმ პროცესებში, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წარიმართა. რადიკალური ოპოზიციისთვის, „პივიტის“ გაყალბება გახდა ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იმისთვის, რომ საბოტაჟი განეხორციელებინათ. პრაქტიკულად, „ისფედი“ პირდაპირი ფორმით იყო ჩართული იმ რევოლუციურ პროცესებში, რომლებსაც რადიკალური ოპოზიცია მართავდა. ამის შემდეგ, ჩვენ „ისფედს“ ვხედავთ პარლამენტის წინ აღმართულ სცენაზე, საიდანაც გაისმის პოლიტიკური მოთხოვნა მთავრობის გადადგომასთან და ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
