რუსეთის ფედერაციის მიერ, ახლახან შექმნილი მესამე არმიის კორპუსი გადაყვანილია უკრაინაში – ამის შესახებ ინფორმაციას კონფლიქტის დაზვერვის გუნდი [Conflict Intelligence Team] ავრცელებს.
CIT-ის მოხალისეებმა ბოლო დღეებში დააფიქსირეს რუსული სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირება რკინიგზის საშუალებით და შესაბამისი ფოტოებიც გამოაქვეყნეს. კადრებში ჩანს ტანკები და მძიმე ტექნიკა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონიდან უკრაინის საზღვრისკენ, კერძოდ როსტოვის ოლქისკენ გადაადგილდებიან.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გეგმავს რუსეთი აღნიშნული ძალების გამოყენებას, მაგრამ ეშელონების ბოლო წერტილი (ნეკლინივკას სადგური), რომელიც მდებარეობს როსტოვის რეგიონის სამხრეთით, ყველაზე ახლოს არის დონეცკისა და ზაპოროჟიეს რაიონებთან.
CIT-ის წყაროები ირწმუნებიან, რომ კორპუსი “შედარებით კარგად არის აღჭურვილი შეიარაღებით, მაგრამ მებრძოლები არ გამოირჩევიან საბრძოლო სულისკვეთებითა და დისციპლინით.
უკრაინულმა მედიამ ივლისში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი “მესამე არმიის კორპუსის” შექმნას გეგმავდა.