ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ ევროკავშირი უკრაინული არმიისთვის დამატებითი სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავს.
ბორელმა განცხადება პრაღაში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გააკეთა.
“დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა უკრაინაში არსებული ვითარება იქნება, სამწუხაროდ, გაუმჯობესება არ გვაქვს, რუსეთი აგრძელებს მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას, სამხედრო ტყვეების დისკრიმინაციას, ატომური ბომბით და ატომური ენერგოსადგურით მანიპულაციას, ვითარება ძალიან რთულია უკრაინას ჩვენი დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ გავაგრძელებთ, როგორც სამხედრო, ასევე ფინანსურ დახმარებას. დღეს უკრაინის თავდაცვის მინისტრი შემოგვიერთდება, რაც მნიშვნელოვანია, უკრაინული არმიისთვის დამატებითი სამხედრო წვრთნების ჩატარებას ვგეგმავთ, რაც ამ არმიას კიდევ უფრო ძლიერს და თავდაცვისუნარიანს გახდის”, – თქვა ჯოზეფ ბორელმა.
ამ წუთებში პრაღაში ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს. მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომი და რუსეთის შეკავების ახალი მექანიზმების შემუშავებაა. თავდაცვის მინისტრები დღესვე განიხილავენ იმ სამხედრო დახმარების პაკეტს, რომელსაც უკრაინას გადასცემენ.
დღესვე დაგეგმილია ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაც, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემაზე დამატებითი შეზღუდვების შემუშავებაა.
