რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან უკრაინამ მიიღო 17,5 მილიარდი დოლარის დახმარება საერთაშორისო პარტნიორებისგან.
ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა უკრაინას 17,5 მილიარდი დოლარი გამოუყვეს რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან. ჩვენ მადლობელი ვართ ამ დახმარებისთვის, რომელიც საშუალებას გვაძლევს, უზრუნველვყოთ ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკური სტაბილურობა”, – თქვა შმიგალმა.
პრემიერის თქმით, “ეკონომიკის ასეთი სტაბილურობა ომში გამარჯვების საფუძველია”.
შმიგალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის თვალსაზრისით პირველ ხუთეულშია.
“ჩვენ ველით, რომ გერმანიის ხელმძღვანელობა გააგრძელებს ლიდერობას უკრაინისთვის ევროკავშირიდან 9 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსირების შემდეგი ტრანშის მიწოდებაში. უკრაინამ უკვე მიიღო 1 მილიარდი ევრო და ჩვენ ვიმედოვნებთ და ველით, რომ მომდევნო 8 მილიარდი ევრო მომდევნო თვეებში იქნება უზრუნველყოფილი”, – განმარტა მან.
