საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ე.წ გიმნიხის შეხვედრაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი ორმხრივ შეხვედრებს მართავს უცხოელ კოლეგებთან.
ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.
„პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში, ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს შევხვდი. განვიხილეთ მთელი რიგი ორმხრივი საკითხები და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი“, – წერს კულება Twitter-ის პირად გვერდზე.
ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუც.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად, დღეს განვიხილეთ ჩვენი საერთო გადაწყვეტილება, გავაგრძელოთ რეფორმები და წინ წავიწიოთ ევროკავშირისკენ. ვისაუბრეთ თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ჩვენს არასტაბილურ რეგიონში არსებულ გამოწვევებს“, – წერს ნიკუ პოპესკუ.
ასოცირებული ტრიოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას ეხმაურებიან რუმინეთისა და შვედეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები, ბოგდან აურესკუ და ან ლინდეც.
„შესანიშნავი საუბარი შედგა დმიტრო კულებასთან, ნიკუ პოპესკუსთან და ილია დარჩიაშვილთან. ჩვენ უნდა წავახალისოთ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რათა მათ შეინარჩუნონ რეფორმების განხორციელების ტემპი იმ სფეროებში, რომლებიც ასახული იყო ივნისის ევროკომისიის დასკვნაში და მიიღონ ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი სახელმწიფოების სრული მხარდაჭერა ამ პროცესში“, – წერს ბოგდან აურესკუ.