საბჭოთა კავშირის პირველი და ბოლო პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის გარდაცვალებას, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი, არვიდას ანუსაუსკასი ეხმაურება და მას კრიმინალად მოიხსენებს. მინისტრი წერს, რომ გორბაჩოვის დამსახურება არ ყოფილა არც ცივი ომის დასრულება და არც ბერლინის კედლის დანგრევა – ეს თავისუფლების მსურველმა ხალხებმა გააკეთეს- წერს ანუსაუსკასი.
“ის იყო კრიმინალი (დემოკრატიული სახელმწიფოს თვალსაზრისით), რომელმაც ვილნიუსში, თბილისში, ალმათში, ბაქოსა და სხვა ქალაქებში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობის ბრძანება გასცა. მონანიება არ ყოფილა.
თუმცა მიცვალებულებზე ან კარგად ლაპარაკობენ ან საერთოდ არ ლაპარაკობენ, მაგრამ ამჯერად არა.
ერთადერთი საბოლოო პლუსი – მან ხელი მოაწერა საბჭოთა კავშირის კაპიტულაციას. დაასრულა მან ცივი ომი და დაანგრია ბერლინის კედელი? არა. ეს გააკეთეს თავისუფლების მსურველმა ხალხებმა.” წერს ფეისბუქზე ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი, არვიდას ანუსაუსკასი.
გორბაჩოვი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსოფლიო ლიდერებმა მწუხარება გამოთქვეს და სხვადასხვა შინაარსის სამძიმრის ტექსტები გამოაქვეყნეს. განსხვავებული პოზიცია დაიკავა ბალტიისპირეთის ქვეყანამ – რეჟიმის გასახანგრძლივებლად მისი არმია კლავდა მშვიდობიან მოქალაქეებს, ასე გავიხსენებთ ჩვენ მას – დაწერა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.