საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების პროცესში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა.
აღნიშნული კომენტარით ბორელმა უპასუხა „რუსთავი 2“-ის შეკითხვას: „პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, რომ მთავრობა მზად არის და მუშაობს, რომ თორმეტივე პრიორიტეტი დაკმაყოფილდეს. შესაძლებელია თუ არა ამ პრიორიტეტის შესრულება მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ჩართულობის გარეშე და რა იქნება თქვენი რჩევა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და მმართველი პარტიების მიმართ“.
როგორც ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არის ინკლუზიური პროცესი.
„როგორც ვახსენე, ეს პროცესი არის ეროვნული ძალისხმევა, რომელსაც ახორციელებს მთავრობა, მაგრამ ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, მთელმა საზოგადოებამ. ჩვენ ვნახეთ, რომ ამაში არის სრული ჩართულობა საზოგადოების მხრიდან. საუბარი როდესაც მაქვს პოლარიზაციაზე, ორ პოლუსზე ვსაუბრობ. საუბარი მაქვს მთავრობასთან, რომელსაც მთავარი პასუხისმგებლობა აკისრია, მაგრამ აქვე ვგულისხმობ მთელ პოლიტიკურ სპექტრს. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არის ინკლუზიური პროცესი, ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ყველა მოთამაშემ“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.