დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფისა“ და „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ახალი სპეცტექნიკის პრეზენტაცია გამართა. მუნიციპალიტეტმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის EBRD) მხარდაჭერითა და თანადგომით „თბილსერვის ჯგუფისთვის“ 74 ერთეული სპეცტექნიკა შეიძინა. აქედან 59 ერთეული უკვე თბილისშია და დედაქალაქს ხვალიდან მოემსახურება, დარჩენილი 15 ერთეული კი რამდენიმე დღეში ჩამოვა.
„თბილისს, როგორც ულამაზეს და უძველეს დედაქალაქს სჭირდება მოვლა-პატრონობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თბილისი იყო ყოველთვის ლიდერი ევროპულ ქალაქებს შორის ტურისტული მიმართულებების თვალსაზრისით. ამისთვის საჭიროა, რომ ინფრასტრუქტურა ქალაქში იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული და გამართული.
თქვენ ხედავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება დედაქალაქში სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა გამზირზე იმისთვის, რომ ეს ქალაქი იყოს კიდევ უფრო კომფორტული. კიდევ უფრო თავისუფლად იყოს შესაძლებელი გადაადგილება. ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სადაც ჩვენ უმნიშვნელოვანესი რეფორმა წამოვიწყეთ და დღეს მე ნამდვილად მეამაყება, როგორც ქალაქის მერს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები, მიკროავტობუსები მთლიანად განვაახლეთ და არცერთი ყვითელი დანგრეული, გაუბედურებული ავტობუსი და მიკროავტობუსი არ გადაადგილდება, რომელიც ძალიან დიდ პრობლემას უქმნიდა ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, გამონაბოლქვის თვალსაზრისით და ასევე კომფორტულობის მხრივ. დღეს, თბილისს ჰყავს სრულიად განახლებული, ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსები და რა თქმა უნდა, ეს რეფორმა გაგრძელდება.
ასევე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი გახლავთ გამწვანება ქალაქის, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ და დღესაც გრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით. რაც შეიძლება მეტი სკვერი და პარკი უნდა ჰქონდეს თბილისს იმისთვის, რომ იყოს ევროპაში ყველაზე მწვანე ქალაქი, სადაც აქ მცხოვრებ ადამიანებს თუ ჩამოსულ სტუმრებს ექნებათ სრულფასოვანი დასვენების, განტვირთვის შესაძლებლობა.
ჩვენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით და თანადგომით შევიძინეთ 74 ერთეული სხვადასხვა დანიშნულების სპეცტექნიკა. აქედან 59 ერთეული უკვე თბილისშია, დარჩენილი 15 ერთეულიც რამდენიმე დღეში ჩამოვა. ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო სუფთა, მოწესრიგებული და რა თქმა უნდა, ხვალიდან ეს ტექნიკა დაიწყებს მუშაობას დედაქალაქის ქუჩებში.
მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს ამ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. ყველა მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, ყველა წამოწყება, მათი მხარდაჭერით ხორციელდებოდა დღემდე. რა თქმა უნდა, მომავალშიც ასე გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.