საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იშვიათია შემთხვევა, როდესაც ვეტოს დაძლევის მიუხედავად, პრეზიდენტი ხელს არ აწერს კანონპროექტს. ამის შესახებ პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, პაპუაშვილის განცხადებიტ, არც ვენეციის კომისიას, არც პრეზიდენტს, არც რომელიმე აქტორს არ უთქვამს, რომ ეს კანონი რაიმენაირად ეწინააღმდეგება რომელიმე ევროპულ კანონს.
„წინა მოწვევის პარლამენტში ეს მოხდა მხოლოდ ერთხელ და ამ მოწვევის პარლამენტში ამ შემთხვევაში ხდება. ერთია, პრეზიდენტს რა შენიშვნების შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ თუ პარლამენტი, როგორ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას და არ იზიარებს შენიშვნებს, ამ შემთხვევაში, არ არსებობს საფუძველი, რომ ხელი არ მოეწეროს კანონს. მიზანშეწონილობის ხარისხს განსაზღვრავს პარლამენტი და ამაზეც ითქვა, რომ ეს მუხლები, რომლებზეც არის მსჯელობა ეხება მაგალითად, ადამიანებით ვაჭრობას, მკვლელობას, ტერორიზმს, ამ საკითხებზე რომ ეფექტიანი უნდა იყოს გამოძიება, მგონი, კითხვის ნიშნები არ არსებობს. ეს საკითხი სრულად ეხება, როგორც ქვეყნის უსაფრთხოებას, ასევე მოსახლეობის და მათ შორის დანაშაულის პრევენციას თუ გამოძიებას. ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, ეს ეფექტიანი მეთოდებით იყოს უზრუნველყოფილი. არც ვენეციის კომისიას, არც პრეზიდენტს, არც რომელიმე აქტორს არ უთქვამს, რომ ეს კანონი რაიმენაირად ეწინააღმდეგება რომელიმე ევროპულ კანონს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.