ბერლინში, ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ოლაფ შოლცს შორის ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გაიმართა შეხვედრა.
საქართველო-გერმანიის მჭიდრო პარტნიორობა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა და ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებზეც ირაკლი ღარიბაშვილმა და ოლაფ შოლცმა ისაუბრეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გერმანიის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობას და გამოხატეს მზადყოფნა, ძალისხმევა მიმართონ სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისკენ.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონული და გლობალური გამოწვევები. საუბარი შეეხო რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის მნიშვნელობა ვითარების დეესკალაციისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, 2008 წლის სამხედრო აგრესიასა და იმ უკანონო ქმედებებზე, რომლებსაც ადგილი აქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რაც კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის ადგილზე უსაფრთხოების გარემოს.
ამ ფონზე აღინიშნა გერმანიის მხარდაჭერის განსაკუთრებული მნიშვნელობა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ხაზი გაესვა გერმანიის გამორჩეულ წვლილს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში საქართველოში.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასა და მის მნიშვნელობაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა როგორც ამ ისტორიული გადაწყვეტილების, ისე ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის მიერ საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის. რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერაზე დასავლელი პარტნიორების მხრიდან.