“ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის პოზიციას გამოეხმაურა, სადაც აცხადებს – “ქართული ოცნება” 12 პუნქტის შესასრულებლად არაფერს აკეთებს, სამუშაო ჯგუფები კი არის ფარსი და თამაში.” ზარქუამ ვაშაძეს მოუწოდა დეოლიგარქიზაციის უკრაინულ მოდელს მხარი დაუჭიროს.
“ეს ხელმოცარული პოლიტიკოსები, როგორიც არის ჭიჭე ვაშაძე, რაც ჰქონდა რეიტინგი, ისიც აღარ შერჩა და თავის ამომრჩეველს ახლა ატყუებს, ჰგონია, რომ კიდევ ერთხელ “დააბოლებს” იმ ერთ თუ ერთნახევარ პროცენტს, რაც ჰქონდა აქამდე. ეს ადამიანი ერთხელ არ შემოსულა კომიტეტზე, არ დასწრებია იმ სამუშაო ჯგუფების მუშაობას. ჭიჭე ვაშაძეა მართლა და პლინტუსის მიღმა აქვს რეიტინგი და ახლა ცდილობს რომ ამოქოქოს. გადაეცით, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი მზად არის. ხომ უყვარს უკრაინა, ხომ დაშტურუტნობს მანდ და დარბის, ეგ უკრაინული მოდელი წამოვიღეთ პირდაპირ. რატომ ეწვის იცით კუდი, ეტყობა თავისი დაფინანსებული ხვდება ამ დეოლიგარქიზაციაში და ამიტომ არ უჭერს მხარს. შენ მოგიწევს მაინც შენი ამომრჩევლის წინაშე აღიარება, რა გააკეთე,” – მიმართავს ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძეს.
