მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ დღევანდელ ფორუმში და მაქვს შესაძლებლობა, დავაფიქსირო ჩვენი ერთგულება გენდერული თანასწორობის მიმართულებით პროგრესის მიმართ. პარლამენტებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ქალთა გაძლიერების საქმეში – გენდერულად სენსიტიურ პარლამენტებს შეუძლიათ შესაბამისი ცვლილებების განხორციელება და უფრო თანასწორი, მედეგი საზოგადოებების ჩამოყალიბება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მხრიდან გენდერული თანასწორობის წახალისებისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხების უკეთესად დარეგულირების თვალსაზრისით საქართველოს პარლამენტმა განახორციელა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა მეთოდოლოგია, რომლითაც ხორციელდება პარლამენტის გენდერულად სენსიტიურობის შეფასება, რაც საშუალებას იძლევა, განისაზღვროს სამომავლო პრიორიტეტები, მათ შორის გენდერული ბიუჯეტირების მხრივ.
„საქართველოს ძალისხმევა კიდევ უფრო გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის წევრობისკენ წინსვლასთან ერთად. ევროკავშირში გაწევრების პროცესის ფარგლებში, გენდერული თანასწორობის საბჭო და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ერთობლივად მუშაობენ გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის და გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის შეცვლასა და განახლებაზე. მიმდინარე საპარლამენტო განხილვები ფოკუსირებულია მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივებზე. იქიდან გამომდინარე, რომ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, ვაპირებთ, დავაინიციროთ და მივიღოთ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საქართველოს პარლამენტი მზადაა, ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ პარტნიორ პარლამენტთან და გაუზიაროს მათ საკუთარი გამოცდილება ამ სფეროში.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 145-ე ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს, რომელიც რუანდის დედაქალაქ კიგალში იმართება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს კოლეგებთან. საუბარი ძირითადად შეეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.
