საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე ოპოზიციის იმ ნაწილს გამოეხმაურა, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. მისი თქმით, ის, რასაც ოპოზიციის ნაწილი აკეთებს, არის ქვეყნის ინტერესების პირდაპირი მტრობა.
„სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციის ნაწილს და რადიკალური ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის სასიკეთო და ეს არ იქნება ქვეყნისთვის და მათთვის სასიკეთო, ამიტომ ყველანაირად ცდილობენ, რომ ამ პროცესს ხელი შეუშალონ. ამით დაიწერონ პოლიტიკური ქულები, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების რაიმე იოტისოდენა შანსი დაიტოვონ. თუმცა, მათი სურვილები ფუჭია, ყველამ გაიგო უკვე ევროპაშიც და სხვაგანაც, რომ ჩვენ გვყავს უპასუხისმგებლო ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც ერთადერთი მიზანი ამოძრავებს, რომ საბოტაჟი და დესტრუქცია მოუწყოს ჩვენს ქვეყანას.
ევროპის დედაქალაქებში უკვე ყველას კარგად ესმის, რომ ჩვენ ერთ ძირითად ფუნდამენტურ პრინციპზე ვერ ვთანხმდებით, რომ ყველა პოლიტიკური პარტია ახლა უნდა მუშაობდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
ეს არის სამწუხარო რეალობა და ეს სამწუხარო რეალობა გათვითცნობიერებული აქვთ ევროპის დედაქალაქებშიც.
რაც შეეხება სინამდვილეს, ის ასეთია, რომ სულ ახლახან, წინა კვირაში ჩვენი ვიცე-პრემიერი იმყოფებოდა ბრიუსელში, სადაც მან შეხვედრები გამართა კომისიაში და სწორედ ის საკითხები იქნა განხილული, რომლებიც ერთის მხრივ 12 პუნქტს შეეხება. ასევე, შეეხებოდა ჩვენს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და მათ შორის იყო ახალი თემები, რაც უკავშირდება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის კიდევ უფრო მეტად გამოყენებას, რუსეთის აგრესიის შედეგად შუალედური დერეფნის პოტენციალის კიდევ უფრო გამოყენებას, ჩვენი ელექტროსისტემის ევროკავშირთან დაკავშირებას და ასე შემდეგ. სწორედ ეს არის ის თემები, რომელზეც ახლა ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ და არა იმ ალტერნატიული რეალობის შექმნა და ფუჭი, უსაგნო დისკუსიების გამართვა იმაზე, თუ ვის უნდა 12 პუნქტის შესრულება და ვის არა. ამ სიმართლეს წარმოაჩენს ჩვენი ქმედებები და ის პროცესი, რომელსაც ჩვენ დეკემბრის ბოლომდე აუცილებლად წარმატებით დავასრულებთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ პლენარულ სხდომაზე.
