როდესაც ”იმედის” მესვეურები ამბობენ, რომ მათ გაჩეჩილაძისგან წილი იყიდეს – იტყუებიან, ცრუობენ, არაფერიც არ უყიდიათ და ჩვენი ნებართვის გარეშე ვერც იყიდიან, – ამის შესახებ ”მაესტროს” დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
მამუკა ღლონტი აცხადებს, რომ გია გაჩეჩილაძეს მის საკუთრებაში არსებული წილის გასხვისების უფლება მისი და ეკა აკობიას თანხმობის გარეშე არ აქვს.
იგი რეესტრიდან შესაბამის ამონაწერსაც აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ გიორგი გაჩეჩილაძეს 2011 წლის 23 მარტის წილის სასყიდლით დათმობის შესახებ ხელშეკრულების 8.3 პუნქტის თანახმად, არ აქვს უფლება გაასხვისოს მის საკუთრებაში არსებული 25% წილი შპს „სტუდია მაესტროს“ კაპიტალში ყველა პარტნიორის თანხმობის გარეშე.
”როდესაც ჩვენ გია გაჩეჩილაძეს წილი მივყიდეთ, გავაფორმეთ ხელშეკრულება, სადაც ჩავუწერეთ, რომ ისინი ვერ გაყიდდნენ ჩვენს მიერ მიცემულ წილს, ჩვენი თანხმობის გარეშე, რათა არ მომხდარიყო წილის ვინმე, არაკეთილსინდისიერ პიროვნებაზე გასხვისება. როდესაც ”იმედის” მესვეურები ამბობენ, რომ მათ გაჩეჩილაძისგან წილი იყიდეს – იტყუებიან, ცრუობენ, არაფერიც არ უყიდიათ და ჩვენი ნებართვის გარეშე, ვერც იყიდიან, თუ, რა თქმა უნდა, რაღაც მანიპულაციები არ გააკეთეს და რეესტრიდან არ გააქრეს ეს დოკუმენტი, როგორც ჩვევიათ ხოლმე”, – აღნიშნა მამუკა ღლონტმა.