უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატების გუნდი მინისტრ დმიტრო კულებას ხელმძღვანელობით მიკოლაევში ჩავიდა. ფოტომასალას და განცხადებას ამის თაობაზე დმიტრო კულება ფეისბუქზე ავრცელებს.
კულებას თქმით, მათ მოინახილეს ადგილები, სადაც ომი განსაკუთრებით იგრძნობა.
“სადაც დანგრეულია სახლები, სადაც უკრაინელი ხალხი ოფლითა და სისხლით იბრძვის არსებობის უფლებისთვის, სადაც სიტყვები „ტერიტორიული მთლიანობა“, „რუსული აგრესია“, „რუსული სარაკეტო ტერორი“, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიმეორებთ საერთაშორისო პლატფორმებზე, ყოველდღიური ტკივილი და რეალობაა.” წერს კულება.
მინისტრის ინფორმაციით, გათავისუფლებული ხერსონის ჯარისკაცებმა მათ საკუთარი ხელმოწერებით უკრაინის დროშები გადასცეს – მათ ხელი მოაწერეს უკრაინის დროშებს, რომლებიც ახლა ჩვენს დიპლომატებთან ერთად მსოფლიოს დედაქალაქებს მოივლის. ჩემი ღრმა პატივისცემა ჩვენ გმირებს” წერს კულება.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა მიკოლაევს გმირობისათვის:
“მიკოლაევი მართლაც გმირების ქალაქია. მას შემდეგ, რაც ჩვენი თვალით დავინახეთ რუსული აგრესიის შედეგები, ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო დიდი ძალისხმევით ვიმუშაოთ დღეში 24 საათი და წელიწადში 365 დღე უკრაინის გამარჯვებისთვის. დავარწმუნეთ პარტნიორები და ისინი, ვინც ჯერ კიდევ თამაშობს “ნეიტრალურობას”, ჩვენი ქვეყნის დახმარებაში ახალი შედეგების მოსაპოვებლად, ახალი იარაღის, ახალი ენერგეტიკული აღჭურვილობის ტრანსპორტირებისა და რუსი ნაძირლების კიდევ უფრო ღრმა იზოლაციაში მოქცევისათვის.
უკრაინული დიპლომატია იმუშავებს შედეგების მისაღწევად ყოველდღე, დასვენების დღეების გარეშე, ყველა უცხოურ დედაქალაქში, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში” წერს დმიტრო კულება.