“ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებამდე კვირაზე ნაკლებია დარჩენილი, თუმცა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია, თუ რომელ კანდიდატს უჭერს მხარს.
როგორც რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” აცხადებს, ექსპრეზიდენტი ორ ძირითად კანდიდატს – ნიკა მელიასა და ლევან ხაბიშვილს შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ეცდება ამის გამო შესაძლოა სხვა კანდიდატს, მაგალითად, ნონა მამულაშვილს გამოუცხადოს მხარდაჭერა.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ენმ-ის წევრთა ნაწილმა შიდა არჩევნები მოითხოვა, სააკაშვილმა ირიბად მხარდაჭერა გამოუცხადა მოქმედ თავმჯდომარე ნიკა მელიას და განაცხადა, რომ პარტიაში მსგავსი ცვლილებების დრო არ იყო. გარდა ამისა, პარტიის თამჯდომარის წინა არჩევნების დროს სააკაშვილის ფავორიტი ლევან ვარშალომიძე იყო, რომელიც მაშინ ნიკა მელიასთან დამარცხდა. ამჟამად ვარშალომიძე ხაბეიშვილს უჭერს მხარს, თუმცა, საყვარელიძის შეფასებით, არასწორი იქნება ამის საფუძველზე ვივარაუდოთ, რომ სააკაშვილიც ხაბეიშვილის მხარესაა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვის მხარესაა სააკაშვილი – „მისი მიზანია არც მელიამ მოიგოს და არც ხაბეიშვილმა, მაგრამ გაძლიერებულ ფიგურას ჭიდაობას არ დაუწყებს“.
“არჩევნების იდეა მელია ოპონენტებისგან მოდიოდა. თუნდაც ამ ფრაგმენტიდან გამომდინარე, სააკაშვილისთვის მისაღები ფიგურა შესაძლოა უფრო მელია იყოს, ვიდრე მისი კონკურენტი ლევან ხაბეიშვილი. თუნდაც იმიტომ, რომ მასთან კეზერაშვილთან ერთად თავს იყრის ჯგუფი, რომელმაც ენმ-ის სატელევიზიო არხ “მთავარს” ფინანსური სირთულეები შეუქმნა. წესით სააკაშვილმა ორიენტაცია ხაბეიშვილის წინააღმდეგ უნდა აიღოს. ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც მელიას მომხრე იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ დანარჩენი ორი კონკურენტისგან რომლიმე გამოყოს და მხარი დაუჭიროს, მაგალითად, ნონა მამულაშვილს, რასაც თავისი არგუმენტაცია ექნება თუნდაც უკრაინის თემით. ეს კი გარკვეული თვალსაზრისით სააკაშვილს მიუმხრობლობის მდგომარეობას შეუნარჩუნებს. ანუ იმას, რომ იგი არც ერთ ძირითად დაპირისპირებულ მხარეს არ ემხრობა და მათ მიმართ ნეიტრალურია. მემგონი სააკაშვილი ამ პოზიციის შენარჩუნებას ეცდება და მათ შორის ახალი კანდიდატურის მხარდაჭერის ხარჯზე”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“გააკეთებს თუ არა არჩევნებამდე სააკაშვილი განცხადებას, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ძირითად კანდიდატებს შორის ძალთა თანაფარდობა როგორი იქნება. სადაც ძალა მეტი იქნება, იმ მხარეს დაიჭერს, მაგრამ თუ ძალები გათანაბრდა, მაშინ შესაძლოა მესამე მხარეს თვითონ დადგეს, რომ ამ დაპირისპირებაში ჩართული არ იყოს. თუ სააკაშვილმა რომელიმე კანდიდატს მხარი დაუჭირა, ეს საბოლოო შედეგზე, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს და ვითარება სააკაშვილისგან მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ შეიცვლება. სადაც სააკაშვილი იქნება, ხმები იქ წავა. ამიტომაა, რომ ამ ძირითადი კონკურენტებიდან ორივე ცდილობს სწორედ ენმ-ის თავმჯდომარე გახდეს. ისინი ცალკე პარტიას ამიტომაც არ აკეთებენ, ასეთ შემთხვევაში იქ სააკაშვილი აღარ იქნება. ხმები რომ სააკაშვილს უკავია, ეს რეალობა ყველას აქვს აღქმული თავად სააკაშვილის ჩათვლით”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ამბობენ, რომ სააკაშვილს თავის დროზე პარტიის თავმჯდომარედ არა ნიკა მელია, არამედ ლევან ვარშალომიძე უნდოდა და რაღაც ჯგუფმა მხარი მელიას დაუჭირაო. ახლა წესით კეზერაშვილის მიმართ არ უნდა ჰქონდეს სიმპატიები, რადგან მან “მთავარი არხი” მშრალზე დატოვა. გიული ალასანიასგანაც მოვისმინეთ, რომ დანარჩენი ოპოზიცია მხოლოდ მის გამოყენებას ცდილობსო და სავარაუდოა, რომ ამ ფონზე სააკაშვილის მიზანი არც მელიას და არც ხაბეიშვილის გამარჯვება არ იქნება. მაგრამ როგორც წინა არჩევნების შემთხვევაში ვნახეთ, აღმოჩნდა, რომ უმრავლესობა მელიას მხარეს იყო. სააკაშვილმა ეს ფაქტი მიიღო და გაძლიერებულ ფიგურას ჭიდაობა აღარ დაუწყო. ამ შემთხვევაშიც, თუ რომელიმე ფიგურა ძლიერი აღმოჩნდა, სავარაუდოა, რომ სააკაშვილი მას ჭიდაობას აღარ დაიუწყებს. მაგრამ თუ არა, მერე უკვე თავის სვლას გააკეთებს”, – დასძენს საყვარელიძე.