გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინისათვის გამანადგურებლების გადაცემა გამორიცხა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„გამანადგურებლები ბევრად უფრო რთული სისტემებია, ვიდრე საბრძოლო ტანკები და სრულიად განსხვავებული ფრენის მანძილი და საცეცხლე ძალა აქვთ“, – აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
26 იანვარს, გამოცემა POLITICO-მ სამხედრო და დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინაში გერმანული და ამერიკული საბრძოლო ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილების შემდეგ, ნატოს ქვეყნები უკრაინისათვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობას განიხილავენ.
გამოცემის ერთ-ერთი წყაროს თქმით, ვაშინგტონმა მანამდე კიევს განუცხადა, რომ სამხედრო თვითმფრინავების მიწოდება ამჟამად შეუძლებელია, თუმცა ეს „წითელი ხაზი“ მუდმივად იცვლება.
წყარომ მაგალითისთვის HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები მოიყვანა. ზაფხულში შეერთებულმა შტატებმა გამორიცხა უკრაინისათვის ამ ტიპის იარაღის მიწოდება, თუმცა საბოლოოდ კიევმა მაინც მიიღო იგი.
ამასთან, Politico აღნიშნავს, რომ უკრაინისათვის გამანადგურებლების გადაცემის საკითხი კიდევ უფრო სადავო იქნება, ვიდრე უკრაინისთვის დასავლური ტიპის ტანკების მიწოდება.