იმ შემთხვევაში, თუ მე არ გავხდი პარტიის თავმჯდომარე – ეს პარტია იშლება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ნონა მამულაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სოცმედიაში არსებული კვლევები აჩვენებს, რომ ყველა გამოკითხვაში მისი კანდიდატურა ლიდერობს.
„იმ შემთხვევაში, თუ მე არ გავხდი პარტიის თავმჯდომარე – ეს პარტია იშლება. ვხედავთ, რომ მხარეები ისე არიან დაპირისპირებულნი რომ ძალიან გაგვიჭირდება დავინახოთ ამ ადამიანების ერთობა, მიუხედავად იმისა რა რიტორიკა აქვთ. დღევანდელი გადმოსახედიდან, იმ დაპირისპირებას, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ, მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს ძალიან გაუჭირდებათ… მე ვიქნები გარანტორი იმის, რომ ყველა, ვინც მონაწილეობს ამ პროცესში, შეინარჩუნებს [პარტიაში ადგილს]… „თუ“-ს არ განვიხილავ… თუ შეგვიძლია გადავხედოთ სოცმედიაში კვლევებს, ყველა მონაცემებით, ვერ ვიტყვი მაქვს 60% თუ 70%, არ შემიძლია სპეკულირება, მაგრამ ყველას შეუძლია ნახოს, რომ ყველა გამოკითხვაში ვლიდერობ. ამიტომ, შესაბამისი მოლოდინიც მაქვს. დაველოდოთ ხვალ, ზეგ, ამომრჩეველი გადაწყვეტს, დიდი იმედი მაქვს გამარჯვების“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. აღნიშნულ პოსტზე კანდიდატურები ნიკა მელიამ, ლევან ხაბეიშვილმა, გიორგი მუმლაძემ და ნონა მამულაშვილმა წარადგინეს.