გუშინ გახლდით ზემო აჭარაში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აჭარის მკვიდრი მოსახლეობა მონათლა. იქ იყვნენ ბავშვებიც, ზრდასრულებიც. აქციაზე მყოფ ადამიანებზე სამჯერ მეტი მონათლა პატრიარქმა. ესეც აჩვენებს, სად დგას ქართველი ხალხი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ხალხი არ დგას აგენტურის მხარეს, ხალხი ვერ დადგება იმათ მხარეს, ვინც ამბობს, რომ ცალ ფეხზე უნდა დაუდგეს უცხო ქვეყნის ხელისუფლებას.
„ქართველი ხალხი ვერ იდგება იმ ფსევდორელიგიურ სექტასთან, რომელიც ცდილობს, გაწიოს საქართველოს ეკლესია საზოგადოებრივი სივრციდან, ცდილობს, საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდეს ისეთი ძალა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლებების პირდაპირ გავლენას დაექვემდებარება. მოკლედ რომ ვთქვათ, ანტიპატრიოტული და აგენტურული ძალაა. გუშინდელი დღე ამის ყველაზე კარგი ილუსტრაცია იყო. ვიხილეთ თბილისში შეკრებილი რამდენიმე ათეული წარმომადგენელი ფსევდორელიგიური სექტისა, რომელიც კვლავ თავის ფსევდორელიგიურ რიტუალს ასრულებდა და ვნახეთ სამჯერ მეტი ნამდვილი რწმენით შეკრებილი ადამიანი ზემო აჭარაში. ხალხი არ დგას აგენტურის მხარეს. ხალხი ვერ დადგება იმათ მხარეს, ვინც ამბობს, რომ ცალ ფეხზე უნდა დაუდგეს უცხო ქვეყნის ხელისუფლებას, უნდა მოემსახუროს უცხო ქვეყნის ინტერესებს. ხალხი ვერ დადგება იმ სექტის მხარეს, რომელიც თავს ესხმის საქართველოს ეკლესიას, საქართველოს ინტერესებს ანაცვალებს ნებისმიერი სხვა ქვეყნის ინტერესებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გუშინდელი აქცია იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აქცია.
„ნურავინ ნუ მოიტყუებს თავს, თითქოს შიგნით რაღაც დაპირისპირება აქვთ და რაღაც სიამოვნებთ თუ არ სიამოვნებთ. ალიანსში არიან სხვადასხვანაირად. ახლა, როდესაც სააკაშვილს ვითომ თავს ესხმიან ადამიანები, რომლებიც მისი ხელისუფლების და მისი დანაშაულებრივი საქმიანობის მთავარი იდეოლოგები, განმახორციელებლები იყვნენ – ბოკერია, გვარამია და სხვები, ისინი იყვნენ, ვინც დიქტატურის იდეოლოგები და განმახორციელებლები იყვნენ. დღეს რასაც ვუყურებთ, უბრალოდ თამაშია და ამ თამაშს, 14 წელია, ვაკვირდებით. ვითომ იშლებიან, შემდეგ ისევ იკრიბებიან, ერთმანეთს ლანძღავენ, შემდეგ ეპატიჟებიან პარტიაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე. მერამდენედ უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს, როდესაც ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ მათ შორის არსებობს რაღაც უთანხმოება. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და ამ დღეების განმავლობაში სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გასამართლების პროცესს ვუყურებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა
