უკრაინა თავის პარტნიორებს გარანტიას აძლევს, რომ შორი დისტანციის რაკეტები არ მოხვდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა უკრაინის მთავრობისა და ევროკომისიის ერთობლივ სხდომაზე.
ოლექსი რეზნიკოვმა კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაეხმარონ უკრაინას რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებით და ამაზე რაც შეიძლება სწრაფად შეთანხმდნენ. ამ კონტექსტში რეზნიკოვმა აქცენტი გააკეთა უკრაინის სურვილზე მოიპოვოს Patriot და SAMP/T სისტემები ახალი IRIS-T და NASAMS სისტემებთან ერთად.
„300 კმ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობა რომ გვქონდეს, რუსული არმია თავდაცვას ვერ უზრუნველყოფდა და წააგებდა. უკრაინა მზადაა უზრუნველყოს ნებისმიერი გარანტია, რომ თქვენი იარაღი არ იქნება გამოყენებული რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის. ჩვენ გვაქვს საკმარისი სამიზნეები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მზად ვართ პარტნიორებთან ჩვენი სამიზნეების კოორდინაცია მოვახდინოთ” აცხადებს რეზნიკოვი.
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა უკრაინისთვის ტანკებისა და ჯავშანტექნიკის საჭიროებას და მადლობა გადაუხადა პარტნიორებს მათი მიწოდების გადაწყვეტილების გამო, რამშტეინის ბოლო შეხვედრაზე.