ჩვენმა გადამწყვეტმა ქმედებებმა ხელი შეუწყო საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში 230 000 სამუშაო ადგილის შექმნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე განაცხადა, სადაც გამოვიდა სიტყვით, თემაზე „საქართველოს პოტენციალის ახალ ასპარეზზე გასვლა – გზა ეკონომიკურ კეთილდღეობამდე“.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობის მიზანია, საქართველო იქცეს ნამდვილ მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად.
„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 2022 წელსაც, რომლის მოცულობაც წინა წლებთან შედარებით გაორმაგდა და პრინციპში, 101,7%-ით იმატა. ჩვენმა გადამწყვეტმა ქმედებებმა ხელი შეუწყო საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში 230 000 სამუშაო ადგილის შექმნას. წარმატებას მივაღწიეთ ინფლაციის 9,4%-ზე სტაბილიზაციის კუთხითაც, ხოლო სამიზნე ორიენტირად ინფლაციის 5%-მდე შემცირებას ვაპირებთ 2023 წელს. მრავალი ფართომასშტაბიანი ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური პროექტი მიმდინარეობს და იგეგმება ჩვენი ეკონომიკის შემდგომი სტიმულირება და ჩვენი ხალხისთვის მეტი კეთილდღეობის მოტანა.
ჩვენი მიზანია საქართველო ვაქციოთ ნამდვილ მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად და აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიოს წამყვან ფირმებთან. საქართველო ემსახურება ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას და არის კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
