კეზერაშვილი რომ კრიმინალია, ამას უკვე მტკიცება აღარ სჭირდება, რადგან ფაქტები მეტყველებენ მის კრიმინალურ საქმიანობაზე. მან არამარტო გაძარცვა ქართული ჯარი და გაიტანა დიდძალი ფულადი რესურსი საქართველოდან, არამედ შემდგომში ეს რესურსი გამოიყენა იმისთვის, რომ დამატებითი კრიმინალური სქემები შეექმნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, კეზერაშვილის ნებისმიერი განცხადება ემსახურება იმას, რომ როგორმე გაანეიტრალოს ის მძიმე მდგომარეობა, რაშიც თავად აღმოჩნდა.
„ჩვენ ვნახეთ, რაოდენ წარმატებული იყო გერმანელი სამართალდამცველების და საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლობა, რომლის საფუძველზეც კონკრეტული ფაქტები გამოვლინდა და ამ ფაქტების საფუძველზე მომზადდა ის ჟურნალისტური ფილმი, რომელიც BBC-მ აჩვენა და მთელი საზოგადოება კიდევე ერთხელ დარწმუნდა, თუ ვინ არის დავით კეზერაშვილი, რას წარმოადგენს და რა მიზნებს ისახავს.
დღეს მისი მხრიდან განცხადებების გაკეთება, რომ გარკვეულ წილებს გადაუფორმებს ჟურნალისტებს, არის მცდელობა, რომ როგორღაც გაანეიტრალოს ის ფონი, რომელზეც საზოგადოებაში უკვე ცალსახა პოზიციაა ჩამოყალიბებული და რაღაცნაირად გადააფაროს ეს თემა. თუმცა, მეორეს მხრივ, ეს გარკვეულწილად კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ ადამიანმა არაერთი კრიმინალური ქმედება ჩაიდინა და ახლა მისი მიზანია, როგორღაც ეს პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს. მთელმა მსოფლიომ გაიგო ვინ არის დავით კეზერაშვილი, ამიტომ აქ კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, კითხვის ნიშნებია იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ეს ადამიანი წლებია აფინანსებს, მედიასაშუალებებს, სხვადასხვა ორგანიზაციებს და ასევე პოლიტიკურ პარტიებს და სუბიექტებს, რომლებსაც არ აქვთ მითითებული არსად, რომ კეზერაშვილისგან დაფინანსებას იღებენ, მაშინ როდესაც ამას კანონით ავალდებულებთ. დარწმუნებული ვარ, ამას შესაბამისი უწყებები შეისწავლიან.
თუ მას აქვს რაიმე ინფორმაცია და მტკიცებულება [ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე] დამიჯერეთ, ის აქამდე ყველაფერს გააჟღერებდა, მაგრამ, რაც ბუნებაში არ არსებობს, როგორ წარმოადგენს? ახლა მას აქვს ძალიან რთული სიტუაცია – ერთის მხრივ, მისმა ფავორიტად აღიარებულმა ხაბეიშვილმა სრული ფიასკო განიცადა და მეორეს მხრივ, თვითონ ძალიან სერიოზული ბრალდებების წინაშე დადგა. ამიტომ, ამ ადამიანისგან ნებისმიერი განცხადება ახლა გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან ცდილობს, ნებისმიერი ფორმით გადაფაროს ის მძიმე მდგომარეობა რაშიც აღმოჩნდა“, – აცხადებს გივი მიქანაძე.