საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ მოსარჩელე მხარეს მიმართა, დააზუსტოს, სარჩელში წარმოდგენილი პრეტენზიები რომელ კონკრეტულ პარტიას მიემართება.
როგორც ევა გოცირიძემ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ პოლიტიკური პარტიების მიმართ კონკრეტული ფაქტების მიკუთვნების საკითხის დაზუსტების გარეშე პროცესის წარმართვა გართულდება.
„მინდა, მოსარჩელეს ვთხოვო, როცა იქნება თქვენი განმარტებები წარმოდგენილი, იქნებ უფრო დაზუსტებით წარმოგვიდგინოთ, რომელი პოლიტიკური პარტიის მიმართ რა სამდურავიგაქვთ და თქვენი აზრით, რომელი ფაქტები უნდა მიეწეროს შესაბამის პოლიტიკურ პარტიას. მაგალითად, 2003-2012 წლის ფაქტები უნდა შეერაცხოს დანარჩენ ოთხ პარტიას? ან ოთხი დანარჩენი პარტიის ფაქტები ერთმანეთს უნდა შეერაცხოს, რადგან ისინი კოალიციაში არიან და სხვადასხვა დროს იყვნენ. ეს ჩვენთვისაც გაუგებარია ნამდვილად და ამაში სიცხადეს თუ არ შეიტანთ, ძალიან გაჭირდება საერთოდ პროცესის ჩატარება“, – განაცხადა ევა გოცირიძემ.
ევა გოცირიძის განცხადებამდე პარტია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ „ვერ გავიგეთ, ეს ვითომ მტკიცებულებები, ვის რა მიემართება, კუმულაციურად შეფასებადია, ცალკე აღებული უკვე საკმარისია იმ კონსტიტუციური ბრალის დასამტკიცებლად, თუ ასე შემდეგ“.
სიორიძის თქმით, გაუგებარია, მიემართება თუ არა 2003-2012 წლების ფაქტები პარტია „ლელოს“, რომელიც 2019 წელს დაარსდა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სარჩელის განხილვა დღეს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
