მიმდინარე წლის ბოლოს ჩვენ ვაპირებთ ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების ტარიფების გადახედვას , – ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.
რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფს, ნარმანიას თქმით, დენის საფასურის გადახედვა წლის ბოლოსთვის არ იგეგმება, რადგან მისი ახალი ტარიფი მარეგულირებელმა კომისიამ რამდენიმე თვის წინ უკვე დაადგინა.
“მარეგულირებელ კომისიას ამ წლის ბოლოს არ უწევს ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვა, ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავადგინეთ ელექტროენერგიის ახალი ტარიფები, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში იმოქმედებს. მიმდინარე წლის ბოლოს ჩვენ ვაპირებთ ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების ტარიფების გადახედვას, ვინაიდან მათი მოქმედების ვადა სწორედ დეკემბრის ბოლოს იწურება”, – განაცხადა ნარმანიამ “ბიემჯისთან” საუბარში.
ცნობისთვის, აბონენტებს ელექტროენერგიის ტარიფი მიმდინარე წლის აპრილიდან საშუალოდ ხუთი თეთრით გაუძვირდათ.
რაც შეეხება ბუნებრივ აირს, დღეს მოქმედი ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფი თბილისში არის 53.971 თეთრი/მ³. ეს ზღვრული ტარიფი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ თავდაპირველად დადგინდა 2021 წლის მაისში (ძალაში შევიდა 2021 წლის 1 ივნისიდან) და მოგვიანებით მისი მოქმედების ვადა უცვლელად გახანგრძლივდა ჯერ 2023–2025 წლების, ხოლო შემდეგ 2026–2027 წლების მარეგულირებელი პერიოდისთვის.
წყლის ღირებულება მრიცხველიანი აბონენტებისთვის შეადგენს 0.50 ლარს ყოველ მოხმარებულ 1 კუბურ მეტრზე (მ³). ხოლო უმრიცხველო (ფიქსირებული) აბონენტებისთვის კი საცხოვრებელ სახლში რეგისტრირებულ თითოეულ სულზე შეადგენს 4.517 ლარს თვეში.
