ბელგიის პოლიციამ „კატარგეითის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ევროპარლამენტარ მარია არენას სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ამის შესახებ Politico წერს.
აღსანიშნავია, რომ კორუფციულ სკანდალში მარია არენას რამდენიმე თანაპარტიელი ფიგურირებდა, თუმცა უშუალოდ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ და არც კი დაუკითხავთ.
ევა კაილის, მარკ ტარაბელას და ანდრეა კოცოლინოს შემდეგ მარია არენა რიგით მეოთხე ევროპარლამენტარია, რომელთან დაკავშირებითაც პოლიციამ საგამოძიებო ქმედებები ჩაატარა. ბრიუსელში, მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლაც ესწრებოდა.
ბელგიის პროკურატურის ცნობით, არენას სახლში ჩატარებული ჩხრეკა წარმოადგენდა ბრიუსელში, ერთდროულად 6 მისამართზე ჩატარებული ოპერაციის ნაწილს. მათივე ინფორმაციით, ამ 6 მისამართიდან რამდენიმე პირდაპირ ან ირიბად არენას ან მის ოჯახს უკავშირდება.
