პერუში, ქალაქ სანაბამბას მახლობლად სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად რვა სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. მედიის ცნობით, თვითმფრინავი ხეობაში ერთ-ერთი მისიის შესრულების დროს ჩამოვარდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
პერუს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ცხრა პირიდან მხოლოდ პილოტი გადარჩა. ის დედაქალაქ ლიმაში სპეციალური სამედიცინო დახმარების მისაღებად გადაიყვანეს.
უწყების განცხადებით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა თვითმფრინავი და ბორტზე მყოფი ცხრა პირი იპოვეს.
სამხედრო თვითმფრინავის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ეკიპაჟმა სამი სამხედრო მოსამსახურე გადაარჩინა.
მედიის ცნობით, ტერიტორიას, სადაც სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ხშირად „კოკაინის ხეობად“ მოიხსენიებენ.
