აზერბაიჯანისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონული განვითარება დიდწილად დამოკიდებულია სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზებაზე. ახლა ჩვენ გვყავს საერთაშორისო აქტორები, რომლებიც გვეხმარებიან, რათა ვიპოვოთ ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშას გლობაურ მედიაფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ცხადია, ყველა საერთაშორისო აქტორს ესმის, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართალს.
„ახლა, რაც ყარაბაღის მეორე ომის დასრულებიდან თითქმის სამი წელი გავიდა, სულ უფრო და უფრო ხშირად გვესმის განცხადებები, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანია. ასე რომ ყოფილიყო ოკუპაციის დროს, ალბათ ყარაბაღის მეორე ომი არც დაიწყებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში 28-წლიანი მოლაპარაკებები არა მხოლოდ ნულოვანი შედეგის მომტანი იყო, არამედ რეალურად არ არსებობს ფორმულა, რომელიც უნდა იქნას მიღებული მორიგების საფუძველზე.
ორაზროვანმა და ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავმა განცხადებებმა, რომ აღარაფერი ვთქვათ ქმედებებზე, გამოიწვია კონფლიქტის გაყინვა. რაღაც მომენტში, ჩვენ აქ, აზერბაიჯანში ვხვდებით, რომ მიზანია კონფლიქტის გაყინვა სახალხო დიპლომატიის სხვადასხვა გაუთავებელი ინიციატივებით, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ თანამშრომლობა, ბიზნესი სომხეთთან და კონფლიქტი მოგვარდება მომავალი თაობის მეშვეობით.
ოკუპაციის დროს მე საჯაროდ არაერთხელ დავაყენე საკითხი სომხეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ და ამ პოზიციას ვხსნიდი ეროვნული გადაწყვეტილებებითა და დეკლარაციებით – გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს, გენერალური ასამბლეის რეზოლუციები, ევროპის საბჭოს ასამბლეა, თუნდაც ევოპარლამენტი. თუმცა, ევროპარლამენტი ახლა სომხეთის მხარდამჭერ პოზიციას იკავებს, მაგრამ მანაც ერთხელ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რეალობას ასახავდა, მაგრამ მაშინ გეოპოლიტიკური დღის წესრიგი განსხვავებული იყო.
ახლა სიტუაცია სხვაგვარადაა და, სხვათა შორის, მაშინ არცერთ საერთაშორისო მოთამაშეს, ვინც დღეს ამბობს, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანია, ეს არასდროს უთქვამს. ისინი საუბრობდნენ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში აქტიური კონფლიქტებია, მაგრამ არ საუბრობდნენ აზერბაიჯანის შესახებ.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, ნარატივი იყო ის, რომ თქვენ უნდა დაეთანხმოთ, უნდა გააერთიანოთ თვითგამორკვევა და ტერიტორიული ინტეგრაცია. ახლა გააცნობიერეს, რომ ეს შეუძლებელია. არსებობს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები, როგორებიცაა ნებისმიერი ერის ტერიტორიული მთლიანობა და თვითგამორკვევა, მაგრამ არ უნდა შეილახოს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ერს უკვე აქვს თვითგამორკვევა, აქვს სომხეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.