სრულად ვაცნობიერებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მოჰყვება გრძელვადიანი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, ეს არის ხანგრძლივი, თუმცა კმაყოფილების მომტანი პროცესი. ჩვენ არ ვარიდებთ თავს ამ ვალდებულებების აღებას, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატიის პრემიერთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„ბოლო წლებში საქართველომ შესანიშნავ შედეგებს მიაღწია კანონის უზენაესობის, ეკონომიკური განვითარების, სოციალური უსაფრთხოების, სახელმწიფო და საჯარო უწყებების გაძლიერების კუთხით და ვხედავთ ავტორიტეტული, საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარებას. ასევე მინდა ვთქვა, რომ იდეალური თავისუფლება განაპირობებდა საქართველოს სურვილს, გაწევრიანებულიყო ევროკავშირში და ჩვენ ამ ეროვნულ მიზანთან ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით არის ის ხელშესახები მიღწევები, რაც ჩვენმა მთავრობამ მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში. გასულ წელს ევროპულმა საბჭომ, ევროპელმა ლიდერებმა, მათ შორის ხორვატიამ გადაწყვიტეს, რომ საქართველოსთვის მიენიჭებინათ ევროპული პერსპექტივა, რამაც შექმნა უპრეცედენტო მუხტი ამ გზაზე. ერთი წელი და მეტიც გავიდა ამ ისტორიული მივლენიდან და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ უძლიერესი ნება გაგვაჩნია ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და ევროკავშირის წევრობის მიმართულებით. მიმდინარე წლის დეკემბერში კი ვთვლით სამართლიან გადაწყვეტილებას, ვიტყოდი სტრატეგიულ გადაწყვეტილებას ევროპიდან, რომელიც ჩვენს კანდიდატობის სტატუსს ეხება. ეს კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება და დამსახურებული აღიარება იქნება ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და პოზიტიური ტრანსფორმაციის. სრულად ვაცნობიერებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მოჰყვება გრძელვადიანი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, ეს არის ხანგრძლივი, თუმცა კმაყოფილების მომტანი პროცესი. ჩვენ არ ვარიდებთ თავს ამ ვალდებულებების აღებას. მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც დანიშნულების ადგილამდე მისვლას სჭირდება, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“, – განაცხადა პრემიერმა.