გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგი მერაბ გაფრინდაშვილი ამბობს, რომ იმ მასშტაბის სტიქია, როგორიც გუშინ რაჭაში, შოვში, მოხდა, საქართველოში არ ყოფილა. მან ჟურნალისტებთან ისაუბრა იმაზე, რა შეიძლება გამხდარიყო გუშინ მეწყრული პროცესების განვითარების მიზეზი.
გუშინ, 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინების გაკეთებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. დღეს, 4 აგვისტოს, სტიქიის ზონაში გაემგზავრა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
“მიმდინარე წლის 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ადგილი ჰქონდა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების სინერგიზმს, თანხვედრას. ერთი და იგივე დროს, ერთი და იგივე ლოკაციაზე, კერძოდ, მიმდინარეობს მყინვარის ინტენსიური დნობა. ორი მყინვარია ამ მდინარის სათავეებში. ამას თან დაერთო უხვი ნალექი.
უხვმა ნალექმა, წყლის ნაკადმა, დინამიკაში მოიყვანა როგორც ხეობაში არსებული მყარი ნატანი, ასევე ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას. ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას და ყველაფერი ეს გადაიზარდა ღვარცოფში და შედეგად მივიღეთ ის, რაც მოხდა”, – ამბობს გეოლოგი.
მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მსგავსი მასშტაბის სტიქია მოსალოდნელი არ არის.
“დამეჯერება, ალბათ, დასავლეთ საქართველოში მსგავს სტიქიას ადგილი არასდროს ჰქონია, არა მარტო ამ ხეობაში, თუ არ ჩავთვლით 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას რაჭა-იმერეთის ზონაში, სადაც ერთ-ერთი სოფელი ჩაიმარხა, სოფელი ხახიეთი. მსგავსი პროცესების მასშტაბი შეგვიძლია შევადაროთ თბილისის სტიქიას, დევდორაკის სტიქიას, თუმცა ახლა მასის მოცულობა, ჩვენი ვარაუდით, 5 მილიონ კუბზე მეტი მყარი მასა მოვიდა დინამიკაში”, – განაცხადა მან.