პლანეტაზე დაწყებულია შეუქცევადი კლიმატური ცვლილებები. ამგვარი ბუნებრივი კატასტროფების აცილება წარმოუდგენელია, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკასთან“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, 5-დან და 7 მილიონ კუბურ მეტრამდე ნატანია ჩამოტანილი.
„ქვა-ღორღის უზარმაზარი მასივი არის განფენილი შოვის ფაქტობრივად, მთელ ტერიტორიაზე. დაახლოებით სამიდან ხუთ მეტრამდეა სიმაღლე ამ წამოსული ნატანის. ეს ყველაფერი ფაქტობრივად, მყისიერად მოხდა. მოწყვეტის წერტილიდან ე.წ. კოტეჯების დასახლებამდე ეს მასა რამდენიმე წუთში ჩამოვიდა. დადასტურებულად შეგვიძლია გითხრათ ჩვენი ჰიდროლოგების, გლაციოლოგებისა და გეოლოგების მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებმაც რამდენიმე შეფრენა განახორციელეს ხეობაში და ისინი გვეუბნებიან, რომ მოწყვეტილია დიდი მყინვარი, უზარმაზარი ნაჭერი, რომელიც ძალიან სწრაფად დაეშვა ამ დამრეც ფერდობზე. იყო რამდენიმე დაგუბება, რამაც გამოიწვია ის რომ ნატანის მასა ერთი ასად გაიზარდა და შემდეგ ამან გახეთქა ჯებირი და დაეშვა პირდაპირ უკვე დაბლობისკენ, ამ პანსიონატისკენ, „სანსეტ შოვისა“ და კოტეჯების დასახლებისკენ და წალეკა ყველაფერი. ეს განვითარდა ძალიან მოულოდნელად, რამდენიმე წუთში.
ამგვარი ბუნებრივი კატასტროფების აცილება წარმოუდგენელია. 5-დან და 7 მილიონ კუბურ მეტრამდე ნატანია ჩამოტანილი, როგორ უნდა აღუდგე ამას წინ, ან ამის პროგნოზირება როგორ უნდა მოახდინო?! რეგიონში, მთელ ევროპაში ვუყურებთ რა მდგომარეობაა, ჩინეთში სასწაული სტიქიებია, ყველგან ჩვენს სამეზობლოში. პლანეტაზე დაწყებულია შეუქცევადი კლიმატური ცვლილებები. თუ ჩვენ გონს არ მოვეგებით, ძალიან მძიმე მომავალი შემიძლია ვუწინასწარმეტყველო პლანეტას“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა