სახალხო დამცველი აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. შეიარაღებული კონფლიქტის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა. 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად 27 582 იძულებით გადაადგილებული პირია რეგისტრირებული.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს მხრიდან დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი, 224 სამოქალაქო პირი. დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ შეადგენს 2 232-ს.
საოკუპაციო რეჟიმი დღემდე დაუსჯელს ტოვებს საქართველოს ოთხი მოქალაქის – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.