განსაკუთრებით ამორალური იყო „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი პროპაგანდისტების მხრიდან წარმოებული რამდენიმედღიანი კამპანია კახა კალაძის მიმართ, რომლითაც ხან ამტკიცებდნენ, თითქოს მხოლოდ კახა კალაძის ოჯახის წევრები გამოიყვანა ვერტმფრენმა სტიქიის ზონიდან, სხვები კი მიატოვა, ხან კი იმას, რომ კახა კალაძისთვის წინასწარ იყო ცნობილი სტიქიის შესახებ და მისი ოჯახი წინასწარ განარიდა ეპიცენტრს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„კამპანიის მწარმოებლები იქამდეც კი მივიდნენ, რომ ითხოვდნენ სტიქიისგან დაზარალებული სასტუმროდან კამერების ჩანაწერების წარმოდგენას მტკიცებულების სახით, რაც საბოლოოდ მოხდა კიდეც. მხოლოდ ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტების მხრიდან გამოჩნდა მაღალმორალისტური სტატუსები ამ ყალბი ნარატივის მიუღებლობის შესახებ, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა სპეკულაციას ვიდეომტკიცებულებით გამოეცალა საფუძველი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.