ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გამორჩეულ, სახელოვან გმირებს, შინდისის გმირებს. 15 წელი გავიდა მათი გმირული დაღუპვიდან, მათ შესწირეს საკუთარი სიცოცხლე, ყველაზე ძვირფასი შესწირეს სამშობლოს და დაგვიტოვეს უზარმაზარი გმირობის, თავდადების, თავგანწირვის მაგალითები, ისტორიები, რომლებზეც უნდა გაიზარდოს ჩვენი მომავალი თაობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალთან განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ბრძოლა იყო თავგანწირვის, ქართველობის, გაუტეხელი სულის, სიმამაცის, ვაჟკაცობისა და ჩვენი ქვეყნის სიყვარულის მაგალითი.
„იცით თქვენ, ძალიან ბევრი დეტალი გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც ეს ბრძოლა, შინდისის ბრძოლა გაიმართა, როგორი თავდადება გვაჩვენეს ჩვენმა გმირმა ბიჭებმა, კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, და მათ ოჯახებს მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო ასეთი გმირების გაზრდისთვის.
იცით, რომ ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ მტერს, მოწინააღმდეგე მხარეს ჰქონდა განცდა იმისა, რომ აქედან მთელი დივიზიონი ებრძოდა. ამ დროს სულ 17 კაცი, ერთი ოცეული იბრძოდა თავგანწირვით. ესაა მაგალითი ქართველობის, გაუტეხელი სულის, სიმამაცის, ვაჟკაცობისა და ჩვენი ქვეყნის სიყვარულის,“ – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, მაშინ როცა ეს გმირი ბიჭები იბრძოდნენ თავდადებითა და თავგანწირვით, ამ დროს ქვეყნის სათავეში იდგა გამყიდველი, მოღალატე, შემარცხვენელი და მხდალი კაცი.
„საუბედუროდ, ამავე დღეს, სამწუხაროდ, ეს ჩვენი სირცხვილია ამავე დროს, რადგან ამავე დღეს, ამ გმირობის დღეს, ასევე არნახული სიმხდალე აჩვენა ყოფილმა მთავარსარდალმა, ე.წ. მთავარსარდალმა. ამავე დღეს, 2008 წლის 11 აგვისტოს, გახსოვთ გაქცეული სააკაშვილი თვითმფრინავის ხმის გამო. მას ჰყავდა ჩამოყვანილი აქ სტუმარი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, და მაშინ, როცა ჩვენი გმირები აქ თავს სწირავდნენ, ყოფილი პრეზიდენტი გარბოდა, და მიწაზე გართხმული, მისი შეშინებული სახე ნახა მთელმა მსოფლიომ. ეს რაზე მიგვითითებს, მეგობრებო? ეს მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენი ეს ლომი ბიჭები, რომ იტყვიან ლომების არმია, იბრძოდა თავდადებით, თავგანწირვით, და ამ დროს სათავეში იდგა გამყიდველი, მოღალატე, შემარცხვენელი და მხდალი კაცი. საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა შესაბამისი დასკვნები გამოიტანა. რა თქმა უნდა, ეს ოკუპაცია მძიმე მემკვიდრეობაა. დღეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ძირითადი ნაწილი, ორივე რეგიონი ოკუპირებულია დროებით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, მაგრამ ჩვენ ჩვენი ჭკუით, გონიერებით, თანამიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოვახერხოთ, უნდა აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. კიდევ ერთხელ დიდება ჩვენს გმირებს და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე,“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაური ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს გაესაუბრა.
2008 წლის 11 აგვისტოს, შინდისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გმირულად დაღუპული საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად შინდისში 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის კომპოზიცია შეიქმნა. მემორიალი შინდისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა. მონუმენტი, რომელიც მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძის მიერ არის შექმნილი, ბრინჯაოში ჩამოსხმული 17 ქანდაკებისგან შედგება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი.