სამწუხაროდ, ჩვენ მაშველებს სტიქიასთან ერთად დეზინფორმაციასთან უწევდათ ბრძოლა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მეტეოროლოგიური პირობების გამო სტიქიის ზონაში ქუთაისიდან ფრენა ვერ შესრულდა. თბილისიდან კი უმოკლეს ვადაში ჩაფრინდა ვერტმფრენი.
„ერთი მხრივ, მადლობებს უხდიდე მაშველებს, მეორე მხრივ, საყვედურობდე, თითქოს დაგვიანებით ჩაფრინდა ვერტმფრენი, დაგვიანებით მივიდნენ მაშველები, ეს ერთმანეთთან არ თავსდება. თუ მადლობას ვუხდით, იმიტომაც ვუხდით მადლობას, რომ იმ სტანდარტებსა და შესაძლებლობებში, რაც აქვს სამაშველო სამსახურს, მათ შორის რთული რელიეფის გათვალისწინებით, აბსოლუტურად სწრაფად იქნა მობილიზებული ყველა ძალა, მათ შორის სამი ვერტმფრენი, ორი თბილისიდან, ერთი ქუთაისიდან. ქუთაისიდან, სამწუხაროდ, მეტეოროლოგიური პირობების გამო ფრენა ვერ შესრულდა, თბილისიდან კი უმოკლეს ვადაში ჩამოფრინდა ვერტმფრენი. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სამი საათი ჰქონდა ვერტმფრენს სამუშაოდ, დღის სინათლეში. ამ სამი საათის განმავლობაში ყველა, ვინც უშუალოდ ეპიცენტრში იყო მოხვედრილი, იყო იდენტიფიცირებული, მათ შორის დრონების მეშვეობით, რომლებიც პარალელურად, უფრო ახლო დისტანციიდან ახდენდნენ ადამიანების იდენტიფიცირებას. ამიტომ საკმარისი დრო იყო, რათა ვერტმფრენითაც დათვალიერებულიყო ტერიტორია. 1 000 მეტრის სიგრძის, 270 მეტრი სიგანის ტერიტორიაა. მითუმეტეს, მეწყერის პირობებში მინდვრად არის ქცეული მთელი ეს ტერიტორია, ადვილად ხილვადია გვერდებიდანაც, ვერტმფრენიდანაც და დრონი როცა იყო ჩართული, მათ შორის დრონის მეშვეობით. შესაბამისად, ყველა, ვინც მეწყერის ეპიცენტრში იყო, იმავე დღეს იქნა გადაყვანილი ვერტმფრენით ქალაქ ონში. ასევე, დარჩენილი იყვნენ ადამიანები, რომლებიც მეწყერმა მოწყვიტა, ასე ვთქვათ, დანარჩენ სამყაროს, ისინი უსაფრთხოდ იყვნენ მთელი ღამის განმავლობაში და შემდეგ ასევე გადაყვანილი იყვნენ ქალაქ ონში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.