ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში დასრულდა კალოუბნის ქუჩის N18-ში განსახორციელებელ სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, გამოვლინდა გამარჯვებული სამშენებლო კომპანია – შპს ,,ბი ქეი ქონსთრაქშენი“, რომელთანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.
„ტენდერი ითვალისწინებს აღნიშნულ მისამართზე არსებული 3-სართულიანი ავარიული შენობის სრულ დემონტაჟს და ახალი, მრავალბინიანი 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას, რომლის არქიტექტურული პროექტი შედგენილია შპს „ტასჰაბის“ მიერ. პროექტის განსახორციელებლად განსაზღვრულია 30-თვიანი ვადა, სამშენებლო ფართობი უნდა იყოს 7880 კვ. მ, ხოლო სამუშაოების ჯამური ღირებულებაა 7 მლნ 336 ათას 116 ლარი. აღნიშნული პროექტით დაკმაყოფილდება 29 ოჯახი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.