აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომში ორივე მხრიდან დაღუპულთა და დაჭრილთა ჯამური რაოდენობა 500 000-ს მიუახლოვდა. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.
მათივე თქმით, მსხვერპლთა რეალური რიცხვის დადგენა რთულია, ვინაიდან მოსკოვი, სავარაუდოდ, განზრახ ამცირებს თავისი მხრიდან დაღუპულთა ან დაჭრილთა სტატისტიკას, კიევი კი ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებაზე უარს ამბობს.
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი 300 000-ს მიუახლოვდა, მათ შორის 120 000 დაღუპული სამხედროა, 170-180 ათასი კი დაჭრილი. რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, დაღუპულთა რიცხვი დაახლოებით 70 000-ს შეადგენს, დაჭრილთა რიცხვი კი 100-120 ათასს. თუმცა, როგორც NYT წერს, აღსანიშნავია ისიც, რომ რუსული ჯარი რაოდენობრივად უკრაინულს დაახლოებით სამჯერ აღემატება, გარდა ამისა, რუსეთის მოსახლეობა უკრაინის მოსახლეობაზე გაცილებით დიდია, რაც მოსკოვს სამხედრო კონტინგენტის შევსებას უადვილებს.
ანალიტიკოსების თქმით, ამჟამად უკრაინას დაახლოებით 500 000 სამხედრო ჰყავს, მათ შორის არიან მოქმედი სამხედროები, რეზერვისტები და გასამხედროებული დაჯგუფებები. ამასთანავე, რუსული მხარის მონაცემები დაახლოებით სამჯერ მეტია – 1 330 000 ადამიანი.