რუსეთ-უკრაინის ომიდან 537-ე დღე გავიდა, თუმცა ჯერ კიდევ არ ჩანს ომის დასრულების გზა. გრძელდება უკრაინის წარუმატებელი კონტრშეტევა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, ბახმუტის მიმართულების სამხრეთ ფლანგზე, საერთო ჯამში, 40 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიაა გათავისუფლებული.
მისი თქმით, შეიარაღებულ ძალებს „გარკვეული წარმატებები“ ჰქონდა სტარომაიორსკოეს სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთითაც. თუმცა, ცხადია, რომ ეს არაა საკმარისი, რასაც აცნობიერებენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგნელები და წარუმატებელი კონტრშეტევის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია ხელისუფლებაში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
კერძოდ, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ფრონტზე არასახარბიელო მდგომარეობის და წარუმატებელი კონტრშეტევის ფონზე, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება მწვავდება. არსებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული უკრაინის რადას სპიკერმა რუსლან სტეპანჩუკმა და უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა თანამდებობა დატოვონ. ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი აცხადებს, რომ დასავლეთმა მიიღო გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ, მის შეცვლელად კი ორი კანდიდატი სახელდება თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი და ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი.
როგორც ირკვევა, შიდა დაპირისპირება იმდენად მწვავდება, რომ გამორიცხული არ არის მთავრობის გადადგომა და ასეთ შემთხვევაში ვოლოდიმერ ზელენსკის ახალი მთავრობის ფორმირება მოუწევს. თუმცა, ზელენსკის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ საომარი მდგომარეობის პირობებში მთავრობა არ შეიცვლება. შეიცვლება თუ არა მთავრობა, ჯერ უცნობია, მაგრამ ცნობილია მიზეზი, ზელენსკის საკუთარი მთავრობა უნდობლობას რატომაც უცხადებს, ეს არის წარუმატებელი კონტრშეტევა, უკრაინიელი სამხედროების უნდობლობა პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის მიმართ და კორუფცია, რომელშიც უკრაინის მაღალჩინოსნები არიან ჩართული.
მაშინ, როდესაც რუსეთთან ომს ეწირებიან უკრაინელი სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები, უკრაინის ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანი კოლოსალურად მდიდრდება. ამ მხრივ გამოირჩევა საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია, რომელმაც უკრაინული მედიის ინფორმაციით, ფინანსური ზარალი მიაყენა სახელმწიფოს, რაც კორუფციულ მაქინაციებს უკავშირდება და საერთო ჯამში 2, 3 მლრდ გრივნას – 16, 2 მლნ დოლარს შეადგენს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არახამია მოელაპარაკა პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს და მათი ერთობლივი მფარველობის ქვეშ მყოფმა „ინდუსტრიული ინოვაციების ჯგუფმა“ ფაქტობრივად, შექმნა სრული მონოპოლია პოლიგრაფიული წარმოების სფეროში.
მათ მთლიანად დაიქვემდებარეს პოლიგრაფიული კომბინატი „უკრაინა“, რომელიც ყოველგვარი ტენდერებისა და კონკურსების გარეშე, უკონკურენტოდ იღებს ყველა სახელმწიფო შეკვეთას და მის ხელშია ნებისმიერი ოფიციალური დოკუმეტის ბეჭვდა, დაწყებული პირადობის მოწმობებიდან, დასრულებული საგადასახადო დოკუმენტაციისა და ნოტარიული აქტების შაბლონებით.
ამ მონოპოლიის პარალელურად, არახამიას მფარველობის ქვეშ იხსნება ჩრდილოვანი ბიზნესი, რომელიც არალეგალურად ბეჭდავს გაყალბებულ ოფიციალურ დოკუმენტებს და ასაღებს სარფიან ფასებში. ცხადია, გადასახადებს ეს არალეგალური სტამბები არ იხდიან, სამაგიეროდ, მოგებას მფარველებს უნაწილებენ; ეს მორიგი ხმაურიანი კორუფციული სკანდალი აღარავის უკვირს, უკრაინის ყოველდღიურობაა და ბევრი სწორედ ამითი ხსნის ფრონტზე წარუმატებლობასაც.
მაშ ასე, კორუფციის მასშტაბი კატასტროფულია, მისი დონე არ შემცირდება, მაგრამ ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის
განცხადებით, არც გაიზრდება, რადგან მეტად გაზრდა უკვე წარმოუდგენელია.
„არ შეიცვლება არც ის, რომ დავით არახამია და მსგავსი ნაძირლები ამ ომით კოლოსალურ, თუმცა სისხლიან ფულს აგროვებენ. რა გასაკვირია, რომ სააკაშვილი მწარედ დასტირის თავის ბედს, რადგან ამ გაგანია შოვნაში ტყუილად ცდება და მუქთახორობს, როგორც თავად აცხადებს – „დროს ფუჭად აკარგვინებენ“ „ვივამედში“ კოტრიალით. არადა, რამდენს იშოვიდა და ვინ იცის, ეგება მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებებით „შაჰის ცოლობისთვის“, ე.ი. ზელენსკის პრემიერ-მინისტრობისთვისაც კი გამოეკრა ხელი“, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
ცნობისთვის, უკრაინაში თითქოსდა მიმდინარეობს ანტიკორუფციული ოპერაცია, თუმცა, როგორც უკრაინული მედია წერს, გამოძიება მხოლოდ იმ ადამიანების წინააღმდეგ მიმდინარეობს, რომლებიც დაპირისპირებული არიან ზელენსკის გუნდთან. უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და ანტიკორუფციულმა პროკურატურამ უკრაინის სახალხო დეპუტატი, მმართველი პარტიის – „ხალხის მსახურის“ დეპუტატი, ანატოლი გუნკოზი ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს. საუბარია 85 000 აშშ დოლარზე. უკრაინული მედიის ინფორმაციით, გუნკოზი ბოლო პერიოდში დაუპირისპირდა პარტიის თავმჯდომარეს არახამიას, მიზეზი კი ისეც კორუფციული გადაკვეთა იყო. 2.7 მილიონი დოლარის ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს ასევე უკრაინის უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელი, მოსამართლე ვსევოლოდ კნიაზიევი. ქრთამის აღების ბრალდებით ოდესის ოლქის ქალაქ რენის მერი იგორ პლეხოვი და საკრებულოს წევრი დააკავეს, რომლებმაც ქრთამის სახით 50-50 ათასი დოლარი აიღეს. ყველა დაკავებული დაპირისპირებული იყო უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებაში არსებული ვითარება არის გარკვეული დემორალიზაციის შედეგი. მისი თქმით, მოწინააღმდეგე მხარეს გააჩნია სადაზვერვო შეღწევადობა უკარაინის ხელისუფლებაში და თუ ეს პროცესი განვითარდება კომბინირებულად, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იქნება დამანგრეველი ზემოქმედება უკრაინის ისედაც უმძიმესი მდგომარებისთვის.
„რაც შეეხება კორუფციას, ეს თემა მშვიდობიანობის დროსაც საკმაოდ ფრთაგაშლილი იყო უკრაინაში. კორუფცია იყო, როდესაც ზელენსკი მოვიდა ხელისუფლებაში და შესაბისად, ამ კორუფციამ კიდევ უფრო გაშალა ფრთები საომარი მოქმედების მიმდინარეობისას. არსებობს ასეთი მნიშვნელოვანი მოსაზრება, რომ სახელმწიფო, სადაც კორუფციის მასშტაბები უკვე არსებობს, მის გაფართოებაზე ფიქრობენ დაინტერესებული სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურები, ისევე როგორც ეს ხდებოდა ჩვენთან 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს.
არა მარტო სამდღიანი ომის, არამედ შემდეგი ძირითადი პერიოდი იყო კორუფციის უფრო გაფართოების. ომი ხელისუფლებამ საკუთარი მადის კიდევ უფრო გასაძლიერებად გამოიყენა. ვფიქრობ, რომ უკრაინაშიც განსხვავებული სიტუაცია არ არის, უფრო მეტიც, პოლიტიკური, სამხედრო და კრიმიანლური ელიტა ემზადება იმისთვის, რომ საომარი მოქმედების შემდეგ ე.წ. მშენებლობის პროცესში მნიშვნელოვანი თანხების გათეთრება განხორციელდეს. ასე რომ, კორუფციის მასშტაბის ზრდას კიდევ უნდა ველოდოთ უკრაინაში“, – აღნიშნა – for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.
პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, ისინი, ვისაც პირადი ურთიერთობა აქვს ზელენსკისთან, ხელშეუხებლობით სარგებლობენ, რადგან ბევრი რამ იციან და ბევრ რამეში ერთობლივად არიან ჩართული უკრაინის მოქმედ პრეზიდენტთან და მის გარშემო არსებულ კლანთან. მისი თქმით, აქედან გამომდინარე, არახამია უამრავი მასალებისა და მხილებების მიუხედავად, კვლავ მონაწილეობს კორუფციაში და კვლავ არის უკრაინის ე.წ. ელიტაში.
„არახამია რა ჩიტიც არის და რაშიც აქვს ხელები დასვრილი, ეს ყველამ იცის უკრაინაშიც და ქვეყნის გარეთაც, რაც იწვევს დაპირისპირებას მმართველ გუნდში. დაძაბულობა, რომელიც არის უკრაინის მმართველ წრეებში, პირველ რიგში, განპირობებულია იმით, რომ სამხედრო წარუმატებლობებია ფრონტზე და ამ შემთხვევაში, იგულისხმება ე.წ. კონტრშეტევის ძალიან ნელი სვლა. საბრძოლო მოქმედებები გადაიქცა პოზიციურ ომად, სადაც უამრავი ადამიანი იღუპება, მათ შორის უკრაინელებიც. უკვე მიმდინარე ზაფხულში გამოცხადებული გეგმები, რომ უკრაინის არმია გაათავისუფლებდა ყირიმის ნახევარკუნძულს, ყველამ დაინახა, რომ ფანტასმაგორია იყო. ამ დაპირებების შეუსრულებლობის გამო დგება პასუხისმგებლობის საკითხი.
მეორე – მიმდინარეობს სკანდალი აშშ-ში. კერძოდ – ბაიდენისა და მისი ოჯახის კორუფციულ სქემებზე, რომელშიც ჩათრეული არის უკრაინა. კონგრესის ქვედა პალატა, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვს, აპირებს ბაიდენის იმპიჩმენტის ინიცირებას. საქმე უპრეცედენტო მხილებაზეა, რომელსაც ბაიდენის ოჯახის მიმართ მტკიცებულებითი ფორმა აქვს მიღებული.
ეს არის უპრეცედენტო სკანდალი აშშ-ის ისტორიაში, რომელიც დაკავშირებულია უკრაინის მიმართ სამხედრო დახმარებისა და ფინანსური დახმარების არაეფექტურ გამოყენებასა და უკრაინის მმართველ წრეებთან არსებულ სკანდალთან, რომელიც ასეთივე ფორმით გამოიხატა უკრაინის სამხედრო კომისარიატების სკანდალთან.
ბუნებრივია, რომ უკრაინაში მწიფდება უკმაყოფილება და ეს ნათლად ჩანს იგივე უკრაინელი ექსპერტების გამოსვლებიდან. შესაბამისად, ჩვენ უნდა ველოდოთ უკრაინელი ელიტებს შორის წინააღმდეგობას და ბუნებრივია, სტეფანჩუკის და დანილოვის სურვილი გადადგომასთან დაკავშირებით, ამის ნაწილია“, – განაცხადა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.