საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკასა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით პროგრესი არსებობს.
მისი თქმით, საქართველოსთვისაც კარგია, როცა აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.
როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გარეშეც ქართულ და ამერიკულ კომპანიებს შორის შესანიშნავი ურთიერთობებია.
„პროგრესია პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ამაზე მუშაობა იყო კოვიდამდე. მოგეხსენებათ, კოვიდის პანდემიის დროს ავიაკომპანიების ინდუსტრია, ავიამიმოსვლის ინდუსტრია შეიცვალა. სრულად მოდელი შეიცვალა, მოგვიწია დასაწყისში დაბრუნება, მოგვეძებნა ის ავიაკომპანია, რომელიც დაინტერესებული იქნებოდა და ამ მიმართულებით რეგულარულ ოპერაციებს წამოიწყებდა. ვმუშაობთ კვლავ. ვისაც უფრენია აშშ-ში, დაადასტურებს, რამდენად კარგი იქნებოდა პირდაპირი ფრენა ამერიკასა და საქართველოს შორის.
ბუნებრივია, საქართველოსთვისაც კარგია, როცა აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ბაზრის სრული გახსნა ხდება. ზოგჯერ ეს საქართველოსთვის სასარგებლოა, ზოგჯერ კი მეორე ქვეყნისთვის არის სასარგებლო. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოსთვისაც და ამერიკისთვისაც სასარგებლო იქნება. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გარეშეც ქართულ და ამერიკულ კომპანიებს შორის შესანიშნავი ურთიერთობებია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.