“მცდელობა და კითხვა „მაშინ როცა ამერიკას აკრიტიკებს, პრემიერი რატომ არის ამერიკაში“, იმდენად უსუსურია, რომ ადეკვატური პასუხის გაცემაც არ მინდა”, – ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის, აშშ-ში, მანჰეტენზე ყოფნის თაობაზე დასმულ კითხვას.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი ღარიბაშვილს არასდროს უღალატია იმ პრინციპისთვის, რაც მისივე ინიციატივით არის შეტანილი კონსტიტუციაში.
„ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება აშშ-ში, არ იმყოფება ბოტოქსის გასაკეთებლად, ისე როგორც თქვენი პრეზიდენტი (სააკაშვილი) იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილი თავის შვილს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე არ ასწავლის, არ ხარჯავს უშველებელ თანხებს პირადი მიზნების რეალიზაციისთვის, ისეთივე ადამიანია, როგორც ჩვენ ვართ. არც მის შვილს მიუღია ისეთი ქულები, რომელიც სწავლების დროს არ დაიმსახურა. ირაკლი ღარიბაშვილს არასდროს უღალატია იმ პრინციპისთვის, რაც მისივე ინიციატივით არის შეტანილი კონსტიტუციაში და რაღაც თემებზე თუკი სხვადასხვა მოსაზრებები გვაქვს, ეს ამერიკელებისთვის გასაკვირი არ არის. მცდელობა და კითხვა – „მაშინ, როცა ამერიკას აკრიტიკებს, რატომ არის ამერიკაში“, იმდენად უსუსურია, რომ ადეკვატური პასუხის გაცემაც არ მინდა. ოპოზიცია ამას იძახის თქვენი მეშვეობით – „თუ ცუდია (ამერიკა) იქ რატომ არის და შვილი იქ რატომ სწავლობს?” ვინ თქვა რომ ცუდია? ის, რომ ცალ ფეხზე უნდა იდგე და მხარი მოხრილი გქონდეს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენი აზრი დავაფიქსირეთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.