ჩვენ 2024 წელს დემოკრატიული არჩევნებისთვის ვემზადებით, რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები რევოლუციისთვის, რადიკალური პროცესებისა და გაყალბებისთვის, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს, რატომ არ ესწრება მმართველი გუნდი თბილისში ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, უმრავლესობას არაფერი ესაქმება ისეთ კონფერენციებზე, სადაც რევოლუციურ სცენარებზე საუბრობენ.
„ბუნებრივია, უმრავლესობას არაფერი ესაქმება იმ ე.წ. კონფერენციაზე, სადაც ტყუილებზე აგებულ პროცესებსა და რევოლუციურ სცენარებზე საუბრობენ. „კარგია“, რომ რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები ე.წ. კონფერენციების სახით პირდაპირ და აშკარა შეტევაზე გადადიან სახელმწიფოს წინააღმდეგ, რასაც საზოგადოება ხედავს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.