პუტინი ყირგიზეთში იმყოფება და ეს რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ, მისი დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ.
ხუთშაბათს, 12 ოქტომბერს, ვლადიმირ პუტინი ყირგიზეთში ჩავიდა. ეს მისი პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის მარტში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი გამოსცა. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პუტინი, უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის გამო, ძებნილთა სიაში შეიყვანეს. ICC-ის დადგენილების თანახმად, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრი ქვეყნები, რომელშიც ყირგიზეთი არ შედის, ვალდებულნი არიან, დააკავონ რუსეთის პრეზიდენტი, თუ ის მათ ტერიტორიაზე მოხვდება. რუსული საინფორმაციო სააგენტოები („ტასს“-ი, „ინტერფაქსი“ და „რია ნოვოსტი“) იტყობინებიან, რომ ხუთშაბათს დილით, პუტინი ყირგიზეთში ჩავიდა. აქ ის ყირგიზ კოლეგას, სადირ ჯაფაროვს შეხვდება, ასევე მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტში, მოკავშირე ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან და პოსტსაბჭოთა ქვეყნების სხვა ხელმძღვანელებთან ერთად.
2022 წლის თებერვალში უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსეთის ხანშიშესული ლიდერი იშვიათად ტოვებდა ქვეყნის ტერიტორიას. წელს ის მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებს ეწვია, ხოლო მისი ბოლო ვიზიტი უცხოეთში გასული წლის დეკემბერში ბელარუსსა და ყირგიზეთში შედგა – ეს სულაც არ ჰგავს იმ დატვირთულ საერთაშორისო გრაფიკს, რომელიც პუტინს მმართველობის დასაწყისში ჰქონდა. რუსეთის იზოლაციის პროტესტის ნიშნად, ის გეგმავს, რომ ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთსაც ეწვიოს. საზღვარგარეთ პუტინის დაკავების შესაძლებლობას მოსკოვი ომის აქტთან აიგივებს და დაკავების ორდერს „არალეგალურს“ უწოდებს.
თუმცა, კრემლში სიფრთხილის ზომებს მაინც იღებენ: აგვისტოში რუსეთმა ICC-ის წევრ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ბრიქსის (BRICS) სამიტზე, პუტინის ნაცვლად, საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი გაგზავნა.
„პოლიტიკური შოუ“
თუ უკრაინაზე სრულმასშტაბიანმა თავდასხმამ პუტინი დასავლურ სამყაროში პერსონა ნონ გრატად აქცია, ICC-ის გადაწყვეტილებამ მსოფლიოს დიდ ნაწილში მისთვის, პრაქტიკულად, მთლიანად დახურა კარი, რადგან რომის სტატუტი, (ხელშეკრულება, რომელიც ორგანიზაციის წევრებს ავალდებულებს, რომ ICC-ს გადაწყვეტილებებს დაემორჩილონ) 123 ქვეყნის მიერ არის რატიფიცირებული. ეს გადაწყვეტილება თავის ტკივილი გახდა ბრიქსის სამიტის მასპინძელი და ამავე დროს, ICC წევრი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისთვის, რადგან ამ სამიტზე პუტინიც იყო მიწვეული. ბოლო მომენტში, მოსკოვმა გადაწყვიტა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, პუტინის ნაცვლად, საგარეო საქმეთა მინისტრი გაეგზავნა.
„რაღაც ღონისძიების გამო, რატომ უნდა შევუქმნა ჩვენს მეგობრებს პრობლემები?“, – განაცხადა მაშინ პუტინმა, იოჰანესბურგში მისი არყოფნის კომენტირებისას. „თუ მე იქ ჩავალ, პოლიტიკური შოუ დაიწყება“, – დასძინა მან. პუტინი, რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენთან, მარია ლვოვა-ბელოვასთან ერთად, ომის დანაშაულის ბრალდებით იძებნება. მათ ათასობით უკრაინელი ბავშვის რუსეთში უკანონო დეპორტაციას ედავებიან. მოსკოვი ამ ბრალდებებს უარყოფს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე უარი თქვა
ყირგიზეთში პუტინის ვიზიტი რუსეთის მოკავშირეებს შორის გარკვეული უთანხმოების ფონზე მიმდინარეობს. მასპინძელმა ქვეყანამ, ყირგიზეთმა ღონისძიებამდე ორი დღით ადრე გამოაცხადა, რომ სომხეთის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი პუტინის მონაწილეობით გასამართ სამიტს არ დაესწრებოდა. ფაშინიანი იმის გამო აკრიტიკებს მოსკოვს, რომ როდესაც გასულ თვეში აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის დასაპყრობად წარმატებული შეტევა დაიწყო, რუსეთი საქმეში არ ჩაერია. სომხეთის ლიდერმა ყირგიზეთში ვიზიტზე მას შემდეგ თქვა უარი, რაც სომეხმა კანონმდებლებმა ICC-თან შეერთება გადაწყვიტეს. ამან, თავის მხრივ, მოსკოვი გააბრაზა, რადგან ამ გადაწყვეტილებით, პუტინის ვიზიტების შესაძლო ვარიანტები კიდევ უფრო შეიზღუდა.
ყირგიზეთში პუტინი სომხეთის მოსისხლე მტრის ლიდერთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრას გეგმავს. უკრაინაში მოსკოვის შეჭრამ რუსეთის ცენტრალურაზიელი პარტნიორებიც კი შეაშფოთა. ამიტომ, 2022 წელს პუტინი რეგიონის ხუთივე ქვეყანას (უზბეკეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი) ეწვია და ისინი რუსეთის მთავარ მოკავშირეებად შერაცხა. პუტინის ვიზიტის წინ, ყირგიზეთმა გამოაცხადა, რომ რატიფიცირებულია შეთანხმება რუსეთთან საჰაერო თავდაცვის საერთო სისტემის შექმნის შესახებ.
მსგავსი შეთანხმებები მოსკოვს უკვე აქვს დადებული სხვა მოკავშირე ქვეყნებთან, მათ შორის – ყაზახეთთან, ბელარუსთან და ტაჯიკეთთან. თუმცა, რუსეთის მიმართ ეჭვი რეგიონის ზოგიერთ ნაწილში მაინც იზრდება. ცენტრალური აზიის არცერთმა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი რუსეთს გასულ წელს გაერო-ში უკრაინის საკითხზე გამართულ საკვანძო კენჭისყრაში. სექტემბერში ყაზახეთმა პირობა დადო, რომ დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეასრულებდა, მისმა ლიდერმა კი აღნიშნა, რომ ასტანა მოსკოვს სანქციების გვერდის ავლის გზით არ დაეხმარებოდა. ცენტრალური აზიის ქვეყნებმა, რომელთა მოქალაქეებიც რუსეთში საქმიანობენ, გააფრთხილა ისინი, რომ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებში მოსკოვის ჯარებთან ერთად არ მიიღონ მონაწილეობა.