კოკაინის ნარჩენები, რომლებიც მდინარეებსა და ტბებში ჩამდინარე წყლების მეშვეობით ხვდება, ორაგულის ქცევას ცვლის – ეს დასკვნა შვედეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევიდან გამომდინარეობს, რომელსაც გამოცემა „გარდიანი“ აშუქებს. ექსპერტების აზრით, თევზის პოპულაციაზე ნარკოტიკების ნარჩენების მავნე ზეგავლენის ზუსტი შეფასება, ჯერჯერობით, შეუძლებელია.
ახალგაზრდა ატლანტიკურ (ნორვეგიულ) ორაგულებს მეცნიერებმა, ექსპერიმენტის ფარგლებში, ჩაუდგეს იმპლანტები, რომლებიც კოკაინს და მის მთავარ მეტაბოლიტ ბენზოილეკგონინს ბუნებაში არსებული დაბინძურების შესაბამისი კონცენტრაციით გამოყოფდნენ. მკვლევარებმა თევზები აკუსტიკური გადამცემებით აღჭურვეს და ვეტერნის ტბაში (შვედეთი) გაუშვეს, სადაც მათი გადაადგილება, ორი თვის განმავლობაში, ნაპირებთან განთავსებული სენსორების ქსელით კონტროლდებოდა.
ორაგულები, რომელიც კოკაინისა და ბენზოილეკგონინის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, უფრო აქტიურად იქცეოდნენ, საკონტროლო ჯგუფში შემავალ სხვა თევზებთან შედარებით. ექსპერიმენტის ბოლოს, კოკაინის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა თევზებმა, სხვებთან შედარებით, დაახლოებით 5 კილომეტრით მეტი გაცურეს, ხოლო ბენზოილეკგონინის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ორაგულებმა – თითქმის 14 კილომეტრით მეტი. ამავდროულად, ისინი უფრო მეტად ისწრაფოდნენ გაშვების ადგილიდან შორს წასვლას და ტბის ჩრდილოეთ ნაწილებში შეღწევას.
მეცნიერებამ კოკაინის ეფექტი სათანადოდ ვერ შეაფასა
„მკვეთრი გავლენა თევზის ქცევასა და გადაადგილებაზე სწორედ მეტაბოლიტმა მოახდინა, რომელიც ველურ ბუნებაში სულ უფრო მაღალი კონცენტრაციით გვხვდება“, – განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა, ჯეკ ბრანდმა. ამიტომ, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა კოკაინის თანაპროდუქტების დაშლის მავნე გავლენის შედეგები გაითვალისწინონ.
მეცნიერების აზრით, კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ წყლის დაბინძურებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ სად მიდიან თევზები, სად ეძებენ საკვებს და რამდენად ადვილად ხდებიან მტაცებლების მსხვერპლი. მეტი მოძრაობა, ფაქტობრივად, ნიშნავს მეტ ენერგიის დახარჯვას და მეტ დროს ღია სივრცეში.
„ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ზუსტად, რა შედეგები მოჰყვება ამას, მაგრამ უკვე ცხადია, რომ ეს აშკარად ნიშნავს გარკვეულ დანაკარგებს თევზებში. ისინი, შესაძლოა, უფრო „ცუდ ფორმაში“ აღმოჩნდნენ ან საკვების საძიებლად მეტი დროის გატარება მოუწიოთ ღია ადგილებში, სადაც ისინი უფრო მეტი რისკის ქვეშ იქნებიან“, – ამბობს ბრანდი.
ეს დამაბინძურებლები წყლის ნაკადებში, ძირითადად, კანალიზაციის საშუალებით ხვდება, მაგალითად, ძლიერი წვიმის დროს საკანალიზაციო სისტემების გადავსების ან ქსელთან მათი არასწორად მიერთების გამო.
„გარდიანი“ აღნიშნავს, რომ მეცნიერებმა წინა კვლევებშიც გააფრთხილეს საზოგადოება, რომ ნარკოტიკებითა და მედიკამენტებით წყლის დაბინძურება მნიშვნელოვან და მზარდ რისკს წარმოადგენს ბიომრავალფეროვნებისთვის. ამიტომ ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ფარმაცევტულ კომპანიებს, შექმნან ისეთი წამლები, რომლებიც გარემოში უფრო ადვილად იშლება. მათივე თქმით, შეშფოთებას აძლიერებს ადრეული მიგნებები თევზების შესახებ, რომლებიც წამლების ზემოქმედების შემდეგ ქცევით ცვლილებებს ავლენენ – მაგალითად, კალმახი, რომელსაც მეთამფეტამინზე დამოკიდებულების ნიშნები აღენიშნება და ქორჭილა, რომელიც ანტიდეპრესანტების ზემოქმედების შემდეგ, მტაცებლების მიმართ ბუნებრივ შიშს კარგავს.
