წუხელ ზესტაფონის ქუჩაზე კვლავ ხმაური იყო, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ნაქირავებ ბინაში ბერ ნიკოლოზს არ უშვებდა. ბერის მხარდასაჭერად კორპუსთან მისი მრევლიც იყო შეკრებილი.
მეზობლებსა და მრევლს შორის რამდენჯერმე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. მოსახელობა კორპუსიდან ბერი ნიკოლოზის გასახლებას ითხოვს იმ მოტივით, რომ ის საფრთხეს უქმნის ადგილობრივებს. მრევლი კი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ რამდენიმე მცხოვრების ახირებაა.
“გვინდა, რომ მშვიდად ვიცხოვროთ. ლიფტები დაგვინგრიეს და “სადარბაზო არის ტაძარი” ასე აცხადებენ. ახლა ხატები უკვე აღარ არის, მაგრამ მამაო ისევ აქ არის და გვინდა, ისიც წავიდეს”,- აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები ნათია ბროლაძე.
“მთავრობა იქნება თუ ვინც არის კომპეტენტური პირი, მოხედონ. ან სხვაგან გადაიყვანონ, თუ სამკურნალოა-უმკურნალონ, თუ დამნაშავეა-დაიჭირონ და თუ ნორმალურია – გაიყვანონ. ერთ ადამიანს შეიძლება გადააყოლო ამდენი ხალხი? ჩაქუჩით და ხანჯლებით დარბის”,-ამბობს ადგილობრივი მაცხოვრები შალვა ელიოზაშვილი.
მსგავსი დაპირისპირება ზესტაფონის ქუჩაზე დეკემბერშიც მოხდა. ადგილობრივები ბერს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებდნენ. მაშინ ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო.
ცნობილია, რომ ბერ ნიკოლოზს მღვდელმსახურების უფლება 15 წლის წინ შეუჩერდა.
www.primetimenews.ge