“ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია საოკუპაციო ხაზების გასწვრივ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეებისა და მათი საქმეების შესახებ წერს. გიორგი გიუნაშვილის და გიორგი ლუკავას ტყვეობის ისტორიას ჟურნალისტი ზაზა წულაძე აღწერს.
რუსულ-ოსურმა საოკუპაციო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონში, საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილს 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იგი რუსმა ოკუპანტებმა 2016 წლის 8 ივნისს გაიტაცეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ინფორმაციით, გიუნაშვილი ოკუპანტებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს. თავდაპირველი ბრალდება ე.წ „საზღვრის უკანონო გადაკვეთა“ იყო, თუმცა, მალევე, „ტერორიზმის მუხლით“ შეიცვალა.
საოკუპაციო რეჟიმი გიუნაშვილს ბრალს სდებს, რომ თითქოს იგი, “2004 წლიდან იყო, სოფელ დისევის „თავდაცვის ჯგუფის“ წევრი. 2007 წელს, მეზობელ სოფელ ხელჩუაში ხელყუმბარა ააფეთქა და 2008 წლის აგვისტოში, ოსები დაცხრილა, რასაც ერთი სიცოცხლე შეეწირა”.
20 წლიანი განაჩენი გიუნაშვილს, რომელიც რუსულად საერთოდ ვერ საუბრობს, ცხინვალში, 3 თებერვალს გამოუტანეს.
20 წლიან სასჯელს იხდის ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველოს მოქალაქე გიორგი ლუკავაც. იგი ოკუპანტებმა გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების სასაფლაოზე 2011 წლის 8 მაისს დაიჭირეს.
აფხაზები მას ქართული პარტიზანული მოძრაობის ერთ-ერთ მეთაურად მიიჩნევენ და 1994 წელს, სოფელ თაგილონიდან 14 აფხაზი სამხედროს გატაცებაში ადანაშაულებენ, რომლებიც მოგვიანებით, ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე დაიღუპნენ.
ეს ლუკავას მეორე ტყვეობაა. პირველად სამწლიანი პატიმრობის შემდეგ ის 1999 წელს, ტყვეთა გაცვლის შემდეგ გათავისუფლდა.
ლუკავას მეორე ტყვეობის პერიოდში, 1994 წელს თაგილონის გატაცების გარდა, იმავე პერიოდში, გუდაუთაში მომხდარი მკვლელობებიც „მიაწერეს“. ჯერ 25 წელი მიუსაჯეს, შემდეგ 20 წლამდე შეუმცირეს. არაოფიციალური ინფორმაციით კი 2015 წლის დეკემბერში, მას დრანდის ციხის ბუნტში მონაწილეობის გამო, უკვე უვადო პატიმრობა აქვს შეფარდებული.
2016 წლის მარტში, ქართულ-აფხაზურ-ოსურ მხარეებს შორის, პატიმართა დიდი გაცვლის დროს, გიორგი ლუკავა ბოლო მომენტში უკან საკანში მიაბრუნეს. მისი გათავისუფლება 2017 წლის იანვრის ბოლოსაც ჩაიშალა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) განცხადებით, ცხინვალში, გიორგი გიუნაშვილისადმი წაყენებული ,,ბრალდებები”, არის გამოგონილი, ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებული და უწყება „ყველაფერს გააკეთებს გიუნაშვილის უკანონო პატიმრობიდან დასახსნელად“, პარალელურად, სუს-ი აგრძელებს მუშაობას დრანდის ციხიდან გიორგი ლუკავას გათავისუფლების მიზნით.
www.imedinews.ge