გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობასა და „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლების მნიშვნელობას. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება გუტერეშმა ნეპალში გააკეთა, სადაც ვიზიტით იმყოფება.
„კვლავ მოგიწოდებთ ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ, მძევლების უპირობო გათავისუფლებისკენ და ღაზის სექტორის ხალხისთვის საჭირო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისკენ. გულდაწყვეტილი ვარ იმით, რომ კრიტიკულად საჭირო ჰუმანიტარული პაუზის ნაცვლად, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა უჭერს მხარს, ისრაელმა სამხედრო ოპერაცია გააფართოვა“, – განაცხადა გუტერეშმა.
მან ასევე კიდევ ერთხელ დაგმო „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ჩადენილი „საზარელი თავდასხმები“ და სამძიმარი გამოუცხადა იმ დღეს მოკლული 10 ნეპალელი სტუდენტების ოჯახებს. გუტერეშმა იმედი გამოთქვა, რომ კიდევ ერთი დაკარგული სტუდენტი სახლში უვნებელი დაბრუნდება.