გორის რაიონში მეხუთე კლასელ გოგონას მუქარის შემცველი წერილი დაუტოვეს. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის საჯარო სკოლაში მოხდა.
წერილი ათი წლის გოგოს სკოლაში, მერხის ქვეშ დახვდა.
ფაქტს ადასტურებენ რესურსცენტრშიც და სკოლაშიც. მათივე ცნობით, წერილში თანხას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოზარდს ოჯახის წევრის ფიზიკური ხელყოფით ემუქრებოდნენ.
„ფაქტი ნამდვილად მოხდა. წერილი სკოლაში მეხუთე კლასელს მერხის ქვეშ დაუტოვეს. ხელნაწერი. კონკრეტული თანხა იყო დასახელებული და ეწერა, რომ თანხა ამავე ადგილზე უნდა დაედო. ემუქრებოდნენ ოჯახის წევრს. ჩვენ მაშინვე ვაცნობეთ პოლიციას და დაწყებულია გამოძიება. სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. იმედს ვიტოვებ, რომ ვიღაცამ ცუდად იხუმრა“, – განაცხადა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.